დოროყაშვილის განმარტებები არ არის სარწმუნო- ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლოში დღეს ექსპერტი დაიკითხა
დავა საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანის წინააღმდეგ გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დღეს ექსპერტი დაიკითხა, რომელმაც ნელი დოროყაშვილს კვლევა ჩაუტარა. პროცესს ნიკოლოზ ბასილაშვილი დისტანციურად ესწრებოდა.
ბასილაშვილის უფლებადამცველის ინფორმაციით, ექსპერტმა დღეს პროცესზე განმარტა, რომ უცნობია, სად და რა ვითარებაში აქვს მიღებული ნელი დოროყაშვილს მკლავზე დაზიანებები. საქმე 2020 წლის 21 მაისს მომხდარ შემთხვევას ეხება.
ექსპერტმა ისაუბრა იმ დაზიანებაზე, რაც აღენიშნებოდა ნელი დოროყაშვილს სხეულზე. ექსპერტმა დაცვის მხარის კითხვაზე განმარტა, რომ ეს დაზიანება შესაძლოა, მიყენებული იყოს რამოდენიმე საათის შემდგომაც და არ იყოს წინააღმდეგობაში ხანდაზმულობის კუთხით. ამ ნაწილშიც ნელი დოროყაშვილის განმარტებები არ არის სარწმუნო. როცა სასწრაფოს ექიმმა, მსგავსად ექსპერტისა, დაუსვა დოროყაშვილს კითხვა, თუ რა ვითარებაში მიიღო გარე ზედაპირზე აღნიშნული დაზიანებები, მან უპასუხა, რომ ვერ იხსენებს, ვერ აკონკრეტებს და აღნიშნული დაზიანება არ იწვევდა მასში ტკივილს- აღნიშნა მედიასთან ბასილაშვილის უფლებადამცველმა.