შოთაძის უწყებას აქვს მტკიცებულება, ვინ შეუკვეთა მამაჩემის მკვლელობა, არ იძიებენ! - ბესიკ ხარძიანის შვილი დუმილს არღვევს
"მე ვარ პოლიტიკური დევნილი, არსებობს კრიმინალური ბანდა და არ მეშვებიან, იძულებით გადასახლებაში ვარ" - მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის შვილებმა ქვეყანა დატოვეს და პოლიტიკურ თავშესაფარს ევროკავშირს სთხოვენ.
მიხეილ ხარძიანმა რამდენიმეწლიანი დუმილი "შაბათის ეთერთან" დაარღვია და განაცხადა, რომ მისი ლიკვიდაციაც იგეგმებოდა, იყო თვალთვალისა და ფარული მიყურედების მსხვერპლი. 7 წლის წინ მოკლილი ბიზნესმენის შვილი დედინაცვლის წინააღმდეგ სკანდალური განცხადებები გააკეთა. მოკლული ბიზნესმენის შვილი ამტკიცებს, რომ მკვლელობა ქონების გამო მოხდა და მისი დამკვეთი ხარძიანის ცოლი, ეკა ნონიკაშვილია.
ბევრი მტკიცებულებაა, ოჯახში ყველა ტელეფონში და პირად საუბრებში ამბობს, რომ მან მოაკვლევინა მამაჩემი ქონების მითვისების გამო. ხმამაღლა მხოლოდ მე და ჩემი და ვლაპარაკობთ"- აცხადებს მოკლული ბიზნესმენის ვაჟი.
მეტიც, მიხეილ ხარძიანი ამტკიცებს, რომ მოქმედმა მაღალჩინოსანმა დეტალებში აღუწერა ვინ და სად შეუკვეთა მამის მკვლელობა:
ჩემთან მოვიდა მაღალი თანამდებობის პირი და მითხრა, არ მინდა ნერვები მოიშალოო. ეკას ვერ დავიჭერთო. ეკა სისტემის ნომრიანი აგენტიაო"- აცხადებს მიხეილ ხარძიანი, თუმცა მაღალჩინოსნის ვინაობის გამჟღავნებას არ აპირებს.
მოკლული ბიზნესმენის შვილი ამტკიცებს იმასაც, რომ შოთაძის უწყებაში ინახება აუდიო და ვიდეო მტკიცებულება, რომელიც ავლაბრის ერთ-ერთ კაფეში, 2014 წლის ნოემბერშია გადაღებული და სადაც ჩანს და ისმის, როგორ გასცემს მკვლელობის დაკვეთას ეკა ნონიკაშვილი.
"შაბათის ეთერმა" სკანდალური ბრალდების შემდეგ, ეკა ნონიკაშვილის ჩაწერა სცადა, თუმცა მან "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვებს არ უპასუხა.
ცნობილი ბიზნესმენი თბილისში, მარაბდის ქუჩის 25 ნომერში - 2015 წლის 28 მარტს მოკლეს. ამ სისხლიანი ანგარიშსწორებიდან 7 წელი გადის, მაგრამ შვილებმა ვერ გაიგეს ვინ გაიმეტა სასიკვდილოდ 40 წლის კაცი.
პროკურატურამ დამნაშავეებად უკრაინის და რუსეთის მოქალაქეები დაასახელა. ოლექსანდრ დამეტოვსა და ოლეგ დოევზე ძებნა შვიდი წელია გამოცხადებულია, მაგრამ ოჯახმა შვიდი წლის შემდეგაც არ იცის ვინ გამოუშვა თბილისში სპეც დავალებით რუსი და უკრაინელი ქილერები.
იძულებით გადასახლებაში წასული ხარძიანები კი ხელისუფლებას 24 საათიან ვადას აძლევენ, თქვას ვინ დაუკვეთა ბიზნესმენის მკვლელობა.