კომპანია ბორჯომის ხელმძღვანელობა გაფიცული მუშების ნაცვლად ადმინისტრაციას შეხვდა
კომპანია "ბორჯომის" ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ თანამშრომლებს შეხვდა, თუმცა ამის ამსახველ მასალას არ ასაჯაროებს.
კომპანიის ხელმძღვანელმა პირველი ჩამომსხმელი ქარხანა პროტესტის ფონზე დატოვა - ივანე მაჭავარიანი თანამშრომლებმა შეძახილებით გააცილეს.
პროტესტის მონაწილეები კი ადმინისტრაციისგან განსხვავებით ინფორმაციას ავრცელებენ და ამბობენ, რომ შეხვედრაზე აქციის მონაწილეები არ ყოფილან.
არ ვიცი, საიდან მოიტანეს, რომ ადმინისტრაცია 70 ადამიანს შეხვდა. ცრუ ინფორმაციაა, შესაძლებელია, თავიანთი ხალხიც შეიყვანეს. ისინი მუშებს არ ელაპარაკებიან.
მუშები ითხოვენ, რომ ამ კომპანიამ, რომელმაც მუშებს ხელფასი არ ჩაურიცხა, მოახდინოს კომუნალური გადასახადების გადავადება. ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრაზე იყო 10-15 ადამიანი, თუმცა ისინი იძახიან, რომ იყო 70 კაცი. ეს ხალხი, ვისაც შეხვდნენ, იყვნენ ადმინისტრაციის თანამშრომლები, დანარჩენი ხალხი ყველა გარეთ ვდგევართ.
იქიდან გამოსულებმა გვითხრეს, რომ შეხვედრაზე მათ ადმინისტრაციამ გააცნო კაბალური პირობები, სხვა არაფერზე არ ყოფილა საუბარი. - აცხადებს მუშათა პროფკავშირის წარმომადგენელი.
ბორჯომის თანამშრომლები დღეს დილიდან ნომერ პირველ ჩამომსხმელ ქარხანასთან იყვნენ შეკრებილები. დაანონსებული იყო, რომ მათ კომპანიის გენერალური დირექტორი შეხვდებოდა, თუმცა, შეხვედრა არ შედგა.
ამჟამად გაფიცული თანამშრომლები ბორჯომის მერთან შეხვედრაზე იმყოფებიან.