ნიკა გვარამია საქმიანობას უნდა დაუბრუნდეს - ვატო წერეთელი პრეზიდენტთან შეხვედრას არ გამორიცხავს
ტვ პირველის გენერალური დირექტორი, ვახტანგ წერეთელი არ გამორიცხავს, რომ ნიკა გვარამიას საკითხზე მედიის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ. ამის შესახებ მან მედიამენეჯერების აშშ-ს ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის გასათავისუფლებლად ყველა გზას მიმართავენ, მათ შორის, შეხვდებიან სალომე ზურაბიშვილსაც.
ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მადლობას ვუხდი ქალბატონ ელჩს დღევანდელი შეხვედრისთვის. კი გაგრძელდა დიდი ხანი, საათნახევარი. ჩვენ გავცვალეთ აზრები და ჩვენ ჩვენი სათქმელი ვუთხარით მას. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ნიკა გვარამია რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს და დაუბრუნდეს თავის საქმიანობას. არ შეიძლება ქვეყანაში ერთი პრეზიდენტი კვდებოდეს ციხეში, ტელევიზიის დირექტორი ციხეში იჯდეს, ჩემი ოჯახი გზად იყოს ციხისკენ, „ფორმულას“ დამფუძნებელი და დირექტორი გზად იყოს ციხისკენ. ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ჩვენ ჩვენი წუხილები მას გავუზიარეთ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ, მედია სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ალბათ მოვითხოვთ. ჩვენ ყველფერს გამოვიყენებთ, ეს იქნება სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა თუ ნებისმიერ ადამიანთან, რომ ნიკა გვარამია რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს თავის საქმიანობსა და ოჯახს, - განაცხადა წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლების საკითხზე დღეს მედიამენეჯერები აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს შეხვდნენ. შეხვედრა აშშ-ს საელჩოში გაიმართა.