რა პირობებით გადასცემს "ბორჯომის" წილს სანქცირებული რუსი ოლიგარქი საქართველოს მთავრობას - დეტალები უცნობია
რა პირობებით გადასცემს ბორჯომის 460 მილიონიან წილს სანქცირებული რუსი ოლიგარქი საქართველოს მთავრობას, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. კომპანიის მიერ გავრცელებულ რელიზში მხოლოდ ის წერია, რომ რუსი ბიზნესმენი წილს ჩვენი მთავრობის სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმობს. რის საფუძველზეც საქართველოს ხელისუფლებას ექმნება შესაძლებლობა, საერთაშორისო ჰოლდინგი მართოს, ქარხანას კი მუშაობის საშუალება დაუბრუნდება. თუმცა, რელიზში ბევრი ბუნდოვანი გარემოებაა და მთავარი კითხვაა, ხომ არ არის ეს ფაქტი სანქციების გვერდის ავლის მცდელობა? ტვ პირველმა აღნიშნული კითხვებით მმართველ გუნდს მიმართა.
მოგიწოდებთ, ყველაფერს ნათელი კუთხით შეხედოთ. საქართველოს დღეს აქვს შანსი, რომ ,,ბორჯომი" დაიბრუნოს, ან სახელმწიფო საკუთრებაში, ან ქართველ ბიზნესმენს დაუბრუნდეს. აქედან გამომდინარე, ეს არ იქნება სანქციების დარღვევა. ამას საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ უზრუნველყოფს. გქონდეთ იმის ღრმა რწმენა, რომ საქართველოს მთავრობა არაფერს არ დაიბრუნებს კაბალური პირობებით - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
ეკონომიკის ექსპერტები ითხოვენ, რომ საქართველოს მთავრობამ უფრო მეტი გამჭვირვალობა შეიტანოს იმ საკითხში, თუ რა პირობებს თანხმდება ,,ბორჯომთან " დაკავშირებით.
აქ უნდა იყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა, თუ რა ფორმით შეეხო კომპანიას სანქციები და რა ფორმით ხორციელდება სახელმწიფოზე გადაცემა. თუ ეს პროცესი არ წარიმართება გამჭვირვალედ და მასზე ხელმისაწვდომობა არ იქნება, გაჩნდება ეჭვი, ხომ არ ხდება სანქციებისგან თავის არიდება და ახალი შავი ხვრელი ხომ არ ჩნდება. - ამბობს ეკონომიკისმ ექსპერტი, ოთო აბესაძე.
,,ტვ პირველი" განმარტებისთვის კომპანიის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, თუმცა ,,ბორჯომის" მესვეურებმა დამატებითი განმარტების გაკეთებისგან თავი შეიკავეს.