ცემა, მუქარა და გინება განყოფილებაში - ,,სირცხვილიას" დამფუძნებელი პოლიციელების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
მოძრაობა ,,სირცხვილიას" დამფუძნებელი იმ პოლიციელების ვინაობას ასახელებს, ვინც მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში ცემა, აგინა და დაემუქრა.
დავით კანკავა, გლდანის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და ანზორ გულუა, გლდანის პოლიციის განყოფილების რიგითი თანამშრომელი - ეს ის პოლიცილები არიან, ვინც გიორგი მჟავანაძის მტკიცებით, 2 დღის წინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც გიორგი მჟავანაძე ,,ტვ პირველს" უყვება, ის პოლიციის განყოფილებაში მოსამართლის განჩინების დასატოვებლად მივიდა, რა დროსაც სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა.
სახეში მირტყამდა რამდენიმე პოლიციელი, შემბოჭეს და ძირს დამაგდეს, დამადეს ხელბორკილები, ჩამაგდეს სკამებს შორის და დაიწყეს ცემა.
სახეში მირტყამდნენ დავით კანკავა და ანზორ გულუა. ამას ხედავდნენ ქალბატონები, რომლებიც სავარაუდოდ, კანცელარიის თანამშრომლები იყვნენ. მათ რეაქცია არ გამოუხატავთ. - ამბობს გიორგი მჟავანაძე.
ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეცა. ორგანიზაცია ,,სირცხვილია" დამნაშავეების დასჯასა ითხოვს და სამართლებრივ დავას იწყებს.