15 წლის ბიჭი ფერმაში იძულებით და უფულოდ ამუშავეს, - შრომის ინსპექციის სამსახური
შრომის ინსპექციის სამსახურმა არასრულწლოვანის იძულებითი შრომის ფაქტი გამოავლინა. მოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ 15 წლის ბიჭს მისი უშუალო სამსახურეობრივი მოვალეობის გარდა სხვა პოზიციაზე მუშაობასაც ავალებდნენ, რაშიც ფული არ გადაუხადეს, პროტესტის გამოხატვის შემდეგ კი არასრულწლოვანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სამსახურიდან ნამუშევარი დღეების ფულადი ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლეს.
არასრულწლოვანი, 15 წლის ბიჭი, 5 თვის განმავლობაში მუშაობდა მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე, რომლის მოვალეობაში შედიოდა ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა.
მუშაობის დაწყებიდან მალევე კომპანიის უფლებამოსილი პირი მას სისტემატიურად სთხოვდა, სასაკლაოს მომიჯნავედ არსებული, მისი კუთვნილი ფერმის საქმიანობაში დახმარებას, რაც გულისხმობს მსხვილფეხა საქონლის მოვლას. ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი სამსახურიდან გაგდების მუქარით, თვეების განმავლობაში აიძულებდა არასრულწლოვანს მისი პირადი ფერმის საქმიანობის შესრულებას, რაშიც ის არანაირ გასამრჯელოს არ იღებდა.
მუშაობის დაწყებიდან 5 თვის თავზე, არასრულწლოვანმა უარი უთხრა მის უშუალო ხელმძღვანელს ფერმაში საქმიანობის შესრულებაზე, რის შემდეგაც მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს და ნამუშევარი დღეების ფულადი ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლა სამსახურიდან.
ყოველივე ამის საფუძველზე, შრომის ინსპექციის სამსახურმა დაადგინა იძულებითი შრომის ფაქტი. ამას გარდა, ასევე დარღვეულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაც ( 01-126/ნ), რომლის მიხედვითაც აკრძალულია არასრულწლოვნის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამსახურში დასაქმება. მსხვილფეხა საქონლის სასაკლაო და ფერმა კი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება", - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციას არასრულწლოვნის იძულებითი შრომისა და შრომითი უფლებების დარღვევისათვის 10 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.