ბუღალტერი აღიარებს, რომ სტუ-დან მილიონები მეგობრებს ჩაურიცხა - დამნაშავეთა წრე ფართოვდება
ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტი 2 მილიონამდე ლარის მითვისების ფაქტს აღიარებს - მაია არქანიამ სასამართლოს წინაშე დაადასტურა პროკურატურის ინფორმაცია, რომ ხელფასს თანამშრომლების ნაცვლად, საკუთარ თავსა და მის მეგობრებს ურიცხავდა.
საქმის მასალებიდან დგინდება, რომ დაკავებულს თაღლითურ სქემაში ჩართული ჰყავდა თანამშრომელთა ნაწილი. ერთ-ერთია ხათუნა სოსელია. ქალს ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის საქმეზე ბრალს სავარაუდოდ მალე წარუდგენენ. ეს უკანასკნელი ტექნიკური უნივერსიტეტიდან თვენახევრის წინ გაათავისუფლეს. რაც შეეხება საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს. ირკვევა რომ ნინო ზაუტაშვილი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა.
გარდა ამისა, საქმის პროკურორი დამნაშავეთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ამ მიმართულებით გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
კითხვაზე, რა როლი ჰქონდათ ხათუნა სოსელიას და ნინო ზაუტაშვილს თაღლითურ სქემაში, შოთაძის უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ "ისინი თანააღმსრულებლები იყვნენ".
"ბრალდებული მათთან ერთად მოქმედებდა ჯგუფურად"- თქვა ბრალდების მხარეს.
ადვოკატი ამბობს, რომ მაია არქანია თანამშრომლობს გამოძიებასთან და დასახელებული თანამზრახველების შესახებ ინფორმაციაც საქმის მასალებში დევს.