ტაძარში გადახდილი დაბადების დღის გამო შესაძლოა, მამა მარტინე ლომთათიძეს ანაფორა გახადონ
ტაძარში გადახდილი დაბადების დღის სუფრა მამა მარტინე ლომთათიძეს შესაძლოა, ანაფორის გახდის ფასი დაუჯდეს. საპატრიარქო უკვე ფიქრობს სასაჯელზე, რომელსაც სასულიერო პირს დააკისრებენ.
ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურმა საკუთარი იუბილე მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში დიდი სუფრით აღნიშნა. კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ იუბილარი მღვდელი დიდ ტორტზე სანთლებს ქრისტეს ხატის წინ აქრობს.
დეკანოზი მარტინე 41 წლის გახდა. მან დაბადების დღე სოფელ სიქთარვის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში აღნიშნა. მრევლმა მას საკურთხეველთან ტორტი მიუტანა და სანთლებიც ჩააქრობინა. დიდი მოლხენის მეორე დღეს, ეპარქიაში ამ თემაზე საუბარს ყველა გაურბის. არავის უნდა განმარტოს, რატომ აირჩიეს საქეიფოდ წმინდა ადგილი.
,,პირველები" დაუკავშირდა იუბილარ მამაოსთან დაახლოებულ პირებს. მათი თქმით, სასულიერო პირისთვის დაბადების დღის ტაძარში აღნიშვნა მრევლის ინიციატივა იყო და ამით არაფერი დაშავებულა. მამაოს ადგილმდებარეობას დღეს ყველა მალავს. ის არც ტაძარში გამოჩენილა და არც სახლში იმყოფება.
საპატრიარქო მომხდარზე პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, რეაგირება პირველ რიგში, ეპარქიის ხელმძღვანელმა უნდა მოახდინოს.
ახლა ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტის, მეუფე გიორგის, გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, აღმოჩნდება თუ არა 41 წლის იუბილე მამაოსთვის კაბის გახდის მიზეზი.