იყო ჩემი ცემის ფაქტი - ირმა შარიქაძე ძალადობის შესახებ პირველად ტვ პირველთან ყვება {ვიდეო}

14.04.21 23:49
იყო ჩემი ცემის ფაქტი - ირმა შარიქაძე ძალადობის შესახებ პირველად ტვ პირველთან ყვება {ვიდეო}

დიზაინერმა და ფოტოგრაფმა  ირმა შარიქაძემ პირველად  ტვ პირველზე, ვიკა ბუკიასა და გიორგი ნიორაძის გადაცემა "პირველ ხაზში" ისაუბრა იმ ძალადობაზე, რომლის მსხვერპლიც წლების წინ გახდა. ირმა შარიქაძის თქმით, მასზე ყოფილმა მეუღლემ იძალადა, რის გამოც 8 თვის შვილთან ერთად სახლიდან გამოპარვა მოუწია.

მე მქონდა მსგავსი ისტორია, წამოვედი ჩემი შვილის მამისგან იმავე მიზეზით, ეს იყო ცემის ფაქტი, როცა ჩემი შვილი იყო 8 თვის. ეხლა ჩემი შვილი არის 21 წლის, მე მსგავსი სიტუაცია მქონდა, როცა საუბრობდა, როგორ წამოვიდა, რთული მოსაყოლია, როგორი სტრესია, როცა გგონია, რომ თუ რამე არასწორად გააკეთე, შეიძლება მოგკლან. არ გრძელდებოდა ძალადობა დიდხანს, მაგრამ რამდენიმე შემთხვევა რომ განმეორდა, გადავწყვიტე, რომ ჩემს ცხოვრებაში აღარ განმეორებულიყო, ფაქტიურად წასასვლელი არსად მქონდა, ფაქტიურად არსად წავედი ბავშვით ხელში. ვიყავი 20 წლის და არ მქონდა სიტუაცია, მეთქვა, მიშველეთ, ძალადობა ხდებოდა უმიზეზოდ,  - ამბობს შარიქაძე.

ირმა შარიქაძემ ახსნა, რატომ საუბრობენ ქალები განვლილ  ძალადობაზე დროის გასვლის შემდეგ. 

როდესაც გადის დრო და შენ ხდები ძლიერი ქალი, შენ გაქვს ამის ძალა, რომ ამაზე ისაუბრო, დარწმუნებული ვარ რომ საქართველოში არის უამრავი ქალი, რომელსაც აქვს მსგავსი ისტორია, რომლებიც ამაზე არ საუბრობენ. ვთვლი, რომ ამაზე საუბარი არის საჭირო - ამბობს შარიქაძე.

ირმა შარიქაძე ამბობს, რომ საკუთარი ისტორიის მოყოლით ყველა ძალადობაგამოვლილი  ქალის მიმართ სოლიდარობას გამოთქვამს.