ქართული ჯარი ავღანეთს დატოვებს

15.04.21 00:40
ქართული ჯარი ავღანეთს დატოვებს

ქართული თავდაცვის ძალები ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდებიან - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნატო-ს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის სექტემბრამდე, ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ეტაპობრივად დასრულდება. 

 

როგორც მოგეხსენებათ, ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველო 2004 წლიდანაა ჩართული და ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორია. ეს ფაქტი მკაფიოდ ცხადჰყოფს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას. მთელი ამ წლების განმავლობაში, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას ათასობით თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე ემსახურებოდა, რომელთაგან 32 დაიღუპა და არაერთი დაიჭრა.

1999 წლიდან მოყოლებული, ჩვენმა მშვიდობისმყოფელებმა, ნატო-ს, აშშ-ს და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში, არაერთხელ დაამტკიცეს მაღალი პროფესიონალიზმი, თავდადება და საერთო ღირებულებების დაცვისადმი ერთგულება. საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობით, საქართველომ, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, ღირსეული და საიმედო პარტნიორის სახელი დაიმკვიდრა, რაც მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

თავდაცვის სამინისტრო უდიდეს მადლიერებას გამოხატავს თითოეული სამხედრო მოსამსახურის მიმართ ავღანეთის მისიებში გაწეული სამსახურისთვის. განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ავღანეთის მისიაში დაღუპულ ჩვენ გმირ სამხედროებს, ვინც თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. თავდაცვის ძალები მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ყველა არსებული თანამშრომლობის ფორმატში, პარტნიორების მხარდამხარ, ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას,"- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები