სასწრაფო დახმარების შესაძლო კოლაფსი - ექიმები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ
პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროსთან - სასწრაფო დახმარების თანამშრომლები აზარაშვილის უწყებასთან აქციას მართავენ. მედიკოსები ხელფასების გაზრდას და სათანადო სამუშაო პირობებს ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრს პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ. ზურაბ აზარაშვილი მათ დაპირდა, რომ კოვიდპანდემიის დროს დანიშნულ დანამატებს ხელფასის სახით შეუნარჩუნებდა. ამის მიუხედავად, უკვე რამდენიმე კვირაა, სასწრაფო დახმარების თანამშრომლების პროტესტს ზურა აზარაშვილი რეაგირების გარეშე ტოვებს.
მოთხოვნების სანაცვლოდ, ჯანდაცვის უწყებამ საწრაფოს ექიმებს 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი შესთავაზა, თუმცა მედიკოსები ამბობენ, რომ ამგვარი სისტემა მხოლოდ მოსახლეობას დააზარალებს.
12 საათიან რეჟიმზე გადასვლა, გულისხმობს იმას, რომ ღამის საათებში, როესაც არის გამოძახებების პიკი, სასწრაფო დახმარების მანქანების ბრიგადები ყველა ფილიალში სულ ცოტა ორ-ორი მაინც გაჩერდება. ასმა ვლაპარაკობ სულ ცოტას. 28 მანქანა რომ გაჩერდეს, თქვენ წარმოიდგინეთ, მოსახლეობა აღმოჩნდება კოლაფსში. ეს იქნება სისტემისგან შემუშავებული მიზეზი, რომ ბრიგადები მოაკლდება, შესაბამისად, დაგვიანებები, რომლებიც დღესვე უკვე არსებობს და აქტიურია, მოიმატებს, - ამბობს სასწრაფო დახმარების ექიმი.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია, აცხადებს, რომ სასწრაფოს თანამშრომლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა სასწრაფოს ექიმები ამბობენ, რომ ხელფასების ზრდას სამინისტროში არ განიხილავენ.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ანაზღაურება არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და ჯანდაცვის სამინისტრო ატარებს კონსულტაციებს მათთან, რათა შედგეს ის ოპტიმალური შეთანხმება, რაც იქნება მისიღები როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთვის, ასევე, იმ თანამშრომლებისთვის, ვინც უკიდურესი დატვირთვის მუშაობენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, - თქვა თამარ გაბუნიამ.
უკვე ერთი საათია, ჯანდაცვის მინისტრი ახლადგარემონტებული კაბინეტიდან მედიკოსების აქციას უყურებს, თუმცა დუმს. ზურაბ აზარაშვილი გაფიცულ თანამშრომლებს ამ დრომდე არ ხვდება.