საქართველოს პროკურატურამ დავით და გუგა კაკულიებს ბრალი წარუდგინა

31.05.22 18:21
საქართველოს პროკურატურამ დავით და გუგა კაკულიებს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ძმებს, დავით და გუგა კაკულიებს, ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ფაქტი გახსნილია. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 27 მაისს, არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთ პირს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.   ბრალდებულების მიერ ჩადენილმა ქმედებამ ასევე საფრთხე შეუქმნა ადგილზე მყოფ პირებს, მათ შორის ერთ-ერთმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო. 
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მართლსაწინააღმდეგოდ, ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ და მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით  (ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობა,  ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას),  236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით  (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ჯგუფურად შენახვა და ტარება) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა)  წარედგინა, - 
ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
 

დანაშაული სასჯელის ზომად 13-დან 17  წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები