სულ „ბიჭოთი“ მელაპარაკა - პოლიციელები ირწმუნებიან, რომ "სირცხვილიას" ხელმძღვანელმა მათ შეურაცხყოფა მიაყენა
საქალაქო სასამართლოში "სირცხვილიას" ხელმძღვანელის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. უკვე გამოიკითხნენ გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილების თანამშრომლები, ანზორ გულუა და ზაზა ზურაბიშვილი. ამ წუთებში მოსამართლეს ჩვენებას ნიკოლოზ ფოცხვერაშვილი აძლევს. სავარაუდოდ, დღესვე გამოკითხება გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე, დავით კანკავაც, რომელიც გიორგი მჟავანაძის მტკიცებით, მის მიმართ წამების ყველა ეპიზოდში მონაწილეობდა.
სამართალდამცავებმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს იდენტური ჩვენები მისცეს. მათი თქმით, მჟავანაძემ პოლიციის შენობაში პოლიციელების შეურაცხყოფა თავად დაიწყო, რის შემდეგაც სამართალდამცავები იძლებულები გახდნენ, ის დაეკავებინათ.
დაახლოებით იქნებოდ 5საათი საღამოს... პოლიციის შენობაში შემობრძანდა პიროვნება, რომელიც პირდაპირ გავიდა, ღია სივრცეა ჩვენთან და დაჯდა მოსაცდელ სკამზე. მივედი, რა თქმა უნდა და შევეკითხე, რომ დამედგინა მისი ვინაობა, ვინ ბრძანდებოდა, ან ვისთან იყო მოსული და მიზეზით. მან არ გამცა არანაირი პასუხი, „ველოდებიო, რა გინდა, ბიჭო, თავი გამანებე“, სულ „ბიჭოთი“ მელაპარაკა. „მე არ ვარ შენი „ბიჭო“ -თქო. ცოტა ხმამაღლი ლაპარაკი გამოგვივიდა, - ამბობს საქმის ფიგურანტი პოლიციელი თავის ჩვენებაში.
ასევე, მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, დავით კანკავა არც დაკავების და არც მანამდე მოხდარ ეპიზოდში არ მონაწილეობდა.
პოლიციას აგინებდა, კიდევ ერთხელ მოხდა ანზორ გულუას მხრიდან უკვე ძალიან აგრესიული რომ გახდა, რომ „შეწყვიტე აგრესია, დაემორჩილე ჩემს კანონიერ მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგაკავებ ადმინისტრაციული წესით. დედის მისამართით შეიგინა. ამ დროს უკვე ჩვეულებრივად დააკავეს, ანზორ გულუამ და ჯონი სამხარაძემ სრული დაცვით მოახდინეს ამ პიროვნების ადმინისტრაციული დაკავება. არ შესწრებია დავით კანკავა ამ პიროვნების დაკავების ფაქტს. მე რაც დავინახე, დავით კანკავა გამოვიდა მას შემდეგ, რაც გიორგი მჟავანაძე უკვე იყო დაკავებულის სტატუსით და იჯდა სკამზე. რაც შეეხება ადმინისტრაციულ შენობაში კამერებს, არანაირ ცნობა და შემხებლობა მე არ გამაჩნია, - ამბობს კიდევ ერთი პოლიციელი ჩვენებაში.
"სირცხვილიას" ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე ირწმუნება, რომ 17 მაისს პოლიციის განყოფილებაში სცემეს, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ. სამოქალაქო აქტივისტმა მოძალადე პოლიციელები ამოიცნო და გამოძიებას დეტალური ინფორმაციაც მიაწოდა, თუმცა ისინი თანამდებობებზე კვლავ რჩებიან.