"ღირსების მარშს უღირსები ვერ ატარებენ, ეტყობა, 5 ივლისი ცუდად ახსოვთ" - ფარული ჩანაწერები ძალადობრივი ჯგუფის ჩატიდან
ძალადობრივი დაჯგუფების დაუსჯელი პრორუსი ლიდერები ისევ ძალადობას აორგანიზებენ - ,,ტვ პირველმა" "ალტ ინფოს" შიდა ჯგუფიდან ფარული აუდიოჩანაწერები მოიპოვა.
რადიკალების ლიდერი მხარდამჭერებს მიმართავს და დიდ მობილიზაციას აცხადებს. თუმცა კოკა მორგოშია მხოლოდ საკუთარ მიმდევრებს არ ამობილიზებს. ირკვევა, რომ ძალადობრივ აქციაზე "სხვა ძალებიც " იქნებიან.
მოძალადეების მთავარი სამიზნე ისევ "თბილისი პრაიდი " და ლგბტ აქტივისტები უნდა იყვენ.
"არავის მივცემთ საშუალებას, პრაიდის ფარგლებში შეკრება ჩაატაროს "- ასე მიმართავს რადიკალური დაჯგუფების ლიდერი მიმდევრებს და მინიმუმ 10-15 ათასი კაცის მობილიზაციისკენ მოუწოდებს.
ღირსების მარშს ეს უღირსოები ვერ ატარებენ იქიდან გამომდინარე. რომ 5 ივლისი ალბათ, ცუდად ახსოვთ და გასაგები იყო, რომ ახლა მარშს ვერ ჩაატარებენ, მაგრამ გეგმავან დიდ სივრცეში ფესტივალის მოწყობას. ნუ რასაც ეგენი ფესტივალს ეძახიან, ნორმალური ხალხის ენაზე ეგ არის ორ..... ამიტომ დავიწყეთ ჩვენ ხალხის მობილიზება. რამდენიმე ათასი უნდა ვიყოთ. სავარაუდოდ 10 -15 ათასი კაცის მობილიზებას შევძლებთ ჩვენი რესურსით. ნუ კიდე სხვებიც ჩაერთვებიან. ძაან ბევრნი ვიქნებით. არც ეს ფესტივალი ჩატარდება და იყავით ბიჭებთან ხაზზე“, - აცხადებს კოკა მორგოშია.
,,ალტ-ინფოს" ლიდერის თქმით, პოლიციის გამოყვანას აზრი არ აქვს, რადგან ვერც პოლიცია წავა ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ და ის ასევე ღიად აცხადებს, რომ ამ ბრძოლაში ირაკლი ღარიბაშვილის იმედი აქვს.
როგორც 5 ივლისი იყო ქართველი ხალხის გამარჯვების დღე, ორი ივლისიც იქნება იმის დამადასტურებელი, რომ საქართველოში ეს მაიმუნობა დამთავრდება.
ხალხის ნებაზე ზევით არანაირი კანონი არ არსებობს, ამიტომ პირდაპირ გეუბნებით, რომ პოლიცია ხალხის წინააღმდეგ არ წავა. ღიად გეუბნებით, მეტი რა გითხრა, რომ იმდენი ვიქნებით, რომ არავისგან არავის დაცვას არ ექნება აზრი. არ მოვლენ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშილიც ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის გვერდით დადგება“. - ამბობს მორგოშია ,,პირველებთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ თბილისი პრაიდის კვირეული ბრუნდება. ორგანიზაციის განცხადებით, 2022 წელს კვირეული კიდევ უფრო მეტ ლგბტქ ადამიანსა და მხარდამჭერს გააერთიანებს.