"გალიფ ოზთურქის ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინია ამოღებული" - პროკურატურა

02.06.22 11:56
"გალიფ ოზთურქის ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინია ამოღებული" - პროკურატურა

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

შოთაძის უწყებაში ამბობენ, რომ გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 31 მაისს, ბათუმში,  გ.ო.-ს საცხოვრებელ ბინაში  ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159  გრ.  ნარკოტიკული საშუალება კოკაინი. 

სამართალდამცველებმა გ.ო. იმავე დღეს  დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს"- წერია განცხადებაში. 

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მსგავსი სიახლეები