ამოღებული ნარკოტიკები ბატონ გალიფ აზთურქს არ ეკუთვნის - თურქი ბიზნესმენის ადვოკატი
ბათუმში დაკავებული თურქი ბიზნესმენის ადვოკატი, თენგიზ კახიძე, აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. უფლებადამცველის მტკიცებით, სამართალდამცველების მიერ ამოღებული ნარკოტიკები გალიფ აზთურქს არ ეკუთვნის.
თენგიზ კახიძე ვარაუდობს, რომ სასამართლო მაღალი ალბათობით თურქ ბიზნესმენს გირაოს შეუფარდებს.
ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებები არ ეკუთვნის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პიროვნებას. ბატონი გალიფი არ აღიარებს აღნიშნულ ბრალს.
ბატონმა გალიფმა ჩაიტარა მძიმე ქირურგიული ოპერაცია, რის გამოც იღებს სამკურნალო აბებს.
სად ნარკოტიკები და სად ბატონი გალიფის მოღვაწეობა?!
ბრალის სხვა დადგენილება ამ წუთისთვის არ გვაქვს.
დიდი ალბათობით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გირაო უნდა განესაზღვროს და შეეფარდოს - აცხადებს თურქი ბიზნესმენის ადვოკატი, თენგიზ კახიძე.
თურქი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი, სამართალდამცველებმა ბათუმში 2 დღის წინ დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, მის სახლში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,ჰეროინი" აღმოაჩინეს.