თბილისის ვიცე-მერს თავი არ მოუკლავს - ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს
თბილისის ვიცე-მერს თავი არ მოუკლავს. ილია ელოშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს უპირისპირდება და უნდობლობას უცხადებს ვერსიას, რომელიც ვიცე მერის სიკვდილიდან ორ საათში შსს-მ გაავრცელა, რომ თითქოს ბინაში დანაშაულის ნიშნები ვერ იპოვა და რომ ეს იყო თვითმკვლელობა.
ჩვენ გამოვრიცხავთ თვითმკვლელობის ვერსიას. ჩვენთვის გამოძიების ვერსია საერთოდ უცნობია. კონტაქტი ოჯახთან არ ყოფილა. მას დაგეგმილი ჰქონდა მთელი კვირა, გარდაცვალების დღეც.
არანაირი მოტივი, რომელიც არის ჰიპოთეტურად შესაძლებელი, რომ იყოს თვითმკვლელობა, ჩვენთვის ცნობილი არ არის. პირიქით, საწინააღმდეგოა ყველაფერი.
იმედი გვაქვს, რომ რეალური სიტუაცია გაირკვევა- აცხადებს ოჯახის ნათესავი, ზვიად კვაჭანტირაძე
,,პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ილია ელოშვილს ტყვია გულში აქვს ნასროლი, თუმცა სროლის ტრაექტორია არა პირდაპირი, არამედ ირიბია. ამბავს ადასტურებენ ოჯახის ახლობელებიც. ახლა ბალისტიკოსებისა და კრიმინალისტების ჯგუფმა უნდა დაადგინოს სროლის მანძილი.
ექსპერტიზის ეს დასკვნა ამ საქმეში გადამწყვეტი იქნება. თუ ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს, რჩება ორი სხვა ვერსია- თბილისის ვიცე-მერს ან იარღი გაუვარდა, ან ის მოკლეს.