მოგეფერები და აღარ გეტკინებაო - აქტივისტი პოლიციის მაღალჩინოსანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

15.04.21 15:22
მოგეფერები და აღარ გეტკინებაო - აქტივისტი პოლიციის მაღალჩინოსანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

სამოქალაქო აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე, პოლიციის მაღალჩინოსანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. როგორც მან "ტვ. პირველს" უთხრა, დაკავების შემდეგ ვიცე-პოლკოვნიკმა, ცოტნე ჯაფარიძემ, უთხრა რომ "მოეფერებოდა". 

აქივისტი ამბობს, რომ მისი დაკავებისას პოლიციამ არაპროპორციული ძალაც გამოიყენა: 

12 პოლიციელი მაკავებდა. როცა ვიცე-პოლკოვნიკმა, ცოტნე ჯაფარიძემ, მანქანაში ჩამსვა, მას დავუძახე - მონა ხარ-თქო, მანქანაზე ლოზუნგი რომ გაქვს - ვემსახურები საქართველოს, საქართველო ბიძინათი ჩაანაცვლე, რადგან შენ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავ-თქო. ამის შემდეგ ხელბორკილი გამიკეთა უკანა მხარეს, რაც არ შეიძლება. მე სისხლის სამართლის დამნაშავე არ ვიყავი.

ვთხოვე, წინ გაეკეთებინა ხელბორკილი, მაგრამ მან ამის სანაცვლოდ მითხრა: მოდი, მოგეფერები და აღარ გეტკინებაო. შემდეგ ტაში დაუკრა, წამიცეკვა, ამას ხედავდა ყველა, ვინც გუშინ დაგვაკავეს, მათ შორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - აცხადებს აქტივისტი. 

რუსკა მჭედლიძე შს სამინისტროსგან განმარტებას ითხოვს: 

ვითხოვ, შსს-მ განმიმარტოს, რაც ნიშნავდა ვიცე-პოლკოვნიკისგან ეს ქმედება, თუ არა სექსუალურ შევიწროებას - აცხადებს მჭედლიძე. 

 

მსგავსი სიახლეები