"ოცნების" სადამსჯელო ოპერაცია - რუსეთთან მებრძოლი ჯარისკაცი ციხიდან კლინიკაში არ გადაჰყავთ
"ქართული ოცნების" სადამსჯელო ოპერაცია რუსეთთან მებრძოლი ჯარისკაცის მიმართ - უკრაინიდან დაბრუნებული ჯარისკაცი ხელისუფლებას ციხიდან საავადმყოფოში არ გადაჰყავს. შოთა ჯაფარიძის ოჯახი, რომელსაც ბრალად 3 ბოთლი ვისკის მოპარვა ედება, დახმარებას პირადად პრემიერ-მინისტრს სთხოვს. 32 წლის ახალგაზრდას კანტუზია და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება.
შოთა ჯაფარიძის დასახსნელად სურამში ხალხი მზადაა ქუჩაში გამოვიდეს.
სულ იმას ახსენებდა, რომ "ბებოო, რომ იცოდე, 4 წლის ბავშვს 4 ტყვია ჰქონდა თავში ნასროლიო, ფეხი კინაღამ რომ დავადგიო... 80 დღე იომა ბავშვმა იქ. ჩამოვიდა იქიდან ნერვებაშლილი, კანტუზიანი. ნერვიული დაავადება დაუდგინეს, აქ ამის მკურნალობა არ შეიძლებაო და წაიყვანეს თბილისში. როგორ გამოეპარათ, ავადმყოფი ბავშვი იყო, ამხელა ქარცეცხლში იბრძოდა ბავშვი... ვთხოვ მთავრობას, რომ მალე გაირკვეს სიტუაცია და მალე გამოუშვან ჩემი შვილიშვილი. ეგ ისეთი ბიჭი არ არის, რომ იქ იყოს, ციხეში, - ამბობს მებრძოლის ბებია.
ჯაფარიძეების ოჯახის ახლობელი და იურისტი ნათია ხარაზიშვილი გამოძიების და სასამართლოს შეცდომებზე საუბრობს. მისი თქმით, შოთა ჯაფარიძე სამედიცინო ექსპერტიზას საჭიროებს, რომელიც დროში გაიწელება, ამასობაში კი დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს.
ასევე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შოთა ჯაფარიძე დაკავების მომენტში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, თუმცა ამასტან დაკავშირებით არცერთი საგამოძიებო უწყება არ დაინტერსებულა.
შეგახსენებთ, რომ შოთა ჯაფარიძესთან დაკავშირებით სკანდალური სიუჟეტი "ნოდარ მელაძის შაბათში" გავიდა. დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ტვ პირველს ბრალი ფაქტების დამახინჯებაში დასდო.