უმძიმესი ბრალდება "ბორჯომს" - პროფკავშირის ცნობით, კომპანიაში ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოყვანილი ადამიანები დაასაქმეს
უმძიმესი ბრალდება "ბორჯომის" მისამართით - პროფკავშირის ინფორმაციით, კომპანიაში ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოყვანილი მოქალაქეები დაასაქმეს. გაფიცული თანამშრომლების ამბობენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა ახალ თანამშრომლებს გახუთმაგებულ ხელფასებს უხდის.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და ერთი კვირაა უკვე ეს ადამიანები იმყოფებიან, ეროვნებით რუსები, მუშაობენ აქ... ხუთჯერ და ექვსჯერ მეტ ხელფასს უხდიან, მაგრამ დასაქმებულებს არა ძლევენ ორი თვის ნამუშევარს. ტექნიკურ მომსახურებას უწევენ და როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ეს ადამიანები შემოვიდნენ ოკუპირებული ცხინვალიდან, სამაჩაბლოდან, - ამბობს პროტესტის მონაწილე.
ინფორმაციას კატეგორიულად ეწინააღმედგება ქარხნის ადმინისტრაცია. მათ განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც ქარხანაში ახალი თანამშრომლები არ დაუსაქმებიათ და ხელფასს მხოლოდ იმ ადამიანებს უხდიან, რომლებიც მინერალური წყლის წარმოებაში არიან ჩართულები.
ქარხანაში ახალი თანამშრომლების დასაქმების გარდა, გაფიცულები სხვა დარღვევებზეც საუბრობენ. მათი თქმით, კომპანიაში შავი ფული ტრიალებს. ისინი პრემიერ-მინისტრს გვერდში დგომისკენ მოუწოდებენ.
"ბორჯომის" ორი ქარხანა ამ დრომდე გაფიცულ თანამშრომლებს აქვთ პიკეტირებული. ადგილზე ასობით პოლიციელია მობილიზებული. პროტესტის მონაწილეები დაშლას მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ. ოთხასამდე თანამშრომელი კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას, სამსახურიდან უკანონოდ გაშვებული 50 თანამშრომლის აღდგენას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს.