"ილია მეორე გადადგომას გეგმავდა" - თეოლოგის სკანდალური განცხადება
წმინდა სინოდის კრებაზე საქართველოს პატრიარქმა გადადგომის სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდის წევრთა უმრავლესობამ ილია მეორეს ამის უფლება არ მისცა - სკანდალური ინფორმაცია თეოლოგ გოჩა ბარნოვს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა, დაახლოებით 5-მა პირმა, მიაწოდეს.
რამდენიმე სასულიერო პირმა მითხრა ასეთი ამბავი, რომ წმინდა სინოდის კრებაზე თითქოს პატრიარქმა გადადგომის სურვილი გამოთქვა. არის საკმაოდ სერიოზულ დონეზე საუბარი, რომ მოხდეს პატრიარქის ჩანაცვლება მოსაყდრით. ანუ სინოდის გვერდის ავლით. ეს იქნება ძალიან დიდი სკანდალი. - აცხადებს გოჩა ბარნოვი.
ყველაფერი, რაც წმინდა სინოდის კრებაზე მოხდა, იცის მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა, რომელიც არ უარყოფს ინფორმაციას, რომ შესაძლოა, პატრიარქს გადადგომის სურვილი წლების წინ გამოეთქვა. საპატრიარქოს ტახტზე არსებულ განხეთქილებაზე საუბარს წმინდა სინოდის წევრი თავს არიდებს.
ეგ არ ვიცი, პირადად მე არ მქონია ამ თემაზე საუბარი პატრიარქთან. სხვა მღვდელმთავრებზე რა გითხრათ, აბა? ყოველ შემთხვევაში, თუ ამ თემაზე წავიდა საუბარი, სავარაუდოდ, რამდენიმე წლის წინანდელ ამბავზე ვლაპარაკობთ. - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
საპატრიარქოს ტახტისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, როცა ეკლესიის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა და ცოცხალ პატრიარქს მოსაყდრე დაუნიშნეს. არსებული ინფორმაციით, პატრიარქს წერილი მოსაყდრის დანიშვნის შესახებ იძულებით დააწერინეს და ანტიკანონიკური გადაწყვეტილება მიიღეს. ახლა შიოს გარემოცვას არ აქვს იმედი, რომ წმინდა სინოდი მხარს მოსაყდრის გაპატრიარქებას მხარს დაუჭერს, ამიტომ ტახტის ხელში ჩაგდებას, სინოდის გვერდის ავლით ეცდებიან.
ილია მეორეს შესაძლოა, გადადგომა აიძულონ- დღეს ეს ეჭვი კიდევ ერთმა თეოლოგმა გამოთქვა. ლელა ჯეჯელავას აზრით, ილია მეორე საპატრიარქო ტახტს საკუთარი სურვილით არ დატოვებს, თუ მასზე მეუფე შიოს გარემოცვამ ზეწოლა არ მოახდინა. ახლა ქართული ეკლესიის ბოლომდე ხელში ჩაგდებას სწორედ კრემლთან დაახლოებული სასულიერო პირები ცდილობენ.
თუ საპატრიარქო ტახტს მეუფე შიო დაიკავებს, მალე ქართული ეკლესია სრულად რუსეთის დაქვემდებარებაში გადავა- ასე ფიქრობენ თეოლოგები. ის სასულიერო პირები კი, რომლებიც მეუფე შიოს წინააღმდეგ მიდიან, უპირისპირდებიან არა რუსეთს, არამედ უფრთხილდებიან საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას, რომელიც, ცვლილების შემთხვევაში, შესაძლოა ახალგაზრდმა პატრიარქმა ჩამოართვას.