დავით სარალიძის მკვლელობის საქმე - დაკავებულია მღვდლის შვილი

15.04.21 17:35
დავით სარალიძის მკვლელობის საქმე - დაკავებულია მღვდლის შვილი

თბილისის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე, მოკლული დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი  პირი დააკავეს. გომელაურის უწყებამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, დაკავებულია დეკანოზ შიო მენაბდის შვილი, გიორგი მენაბდე. 

შსს-ში ამბობენ, რომ 2001 წელს დაბადებული მამაკაცი მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. 

მენაბდეს ბრალად ედება არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობა.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად, 2017 წლის 2 დეკემბერს დავით სარალიძე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს"- წერია განცხადებაში

დათუნა სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, ხორავას ქუჩის ბნელ ფარდულში სამი წლის წინ, 2017 წლის დეკემბერში მოკლეს.  

სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია 2019 წლის ზაფხულში საყოველთაო პროტესტის ფონზე დააკავეს. სასამართლომ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება გიორგი ჯანაშიას, უზენაესმა სასამართლომ დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება შედგა - უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის შინაპატიმრობაშია. 

ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ. ის საპყრობილეში   11 წლითა და 3 თვით დარჩება.