გამორიცხულია, პრეზიდენტმა მოინდომოს და პატრიარქმა შეხვედრაზე უარი თქვას - მეუფე ნიკოლოზი
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზი ვარაუდობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, ილია მეორესთან შეხვედრაზე უარი, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უთხრეს.
როგორც სასულიერო პირმა "ტვ პირველს" უთხრა, პატრიარქთან შეხვედრა სასულიერო პირებისთვისაც გართულებულია:
მე ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ, ჯანმრთელობის პრობლემები იქნება (მიზეზი). პატრიარქთან შეხვედრა საკმაოდ რთულია, ჩვენთვისაც, მღვდელმთავრებისთვისაც კი. ყოველთვის არ შეუძლია მიღება" - აცხადებს სასულიერო პირი.
მეუფე ნიკოლოზი იქვე ამბობს, რომ პატრიქრს პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარი არასდროს უთქვამს.
მსგავსი რამ არც მახსენდება და არც ყოფილა. ვიცი, რომ ქალბატონ სალომეს პატრიარქი ძალიან დიდ პატივს სცემს. არავითარ შემთხდვევაში არ იტყოდა უარს. გამორიცხულია, პრეზიდენტმა მოინდომოს და პატრიარქმა უარი თქვას. რა თქმა უნდა ამას ჯანმრთელობას ვუკავშირებ"- დასძინა სინოდის წევრმა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტს დღეს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა შეხვედრის ორგანიზება ვერ მოხერხდა.