გასვლითი სხდომა "ვივა მედში" - მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს კლინიკაში გაიმართება
გასვლითი სხდომა "ვივა მედში" - ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სასამართლო განხილვა დღეს კლინიკაში გაიმართება. მესამე პრეზიდენტი საკუთარ პროცესს სასამართლო დარბაზის ნაცვლად სპეციალურად მომზადებულ პალატაში დაესწრება.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ სხდომის კლინიკაში ჩატარების გადაწყვეტილება მაშინ, როცა მხარეებს ამ შუამდგომლობით არ მიუმართავთ.
როგორც შეგვატყობინეს დღეს, მიმდინარე სხდომა გაიმართება გასვლით რეჟიმში, კლინიკის ტერიტორიაზე, მიხელ სააკაშვილის პალატაში, რაც ცოტა გაუგებარი და ჩემი აზრით უკანონო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა, იმიტომ, რომ გასვლითი სხდომა იმართება მხარის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. მიხეილ სააკაშვილის პალატა ძალიან პატარაა იმისთვის, რომ იქ სხდომა ჩატარდეს, სხვა პალატაში გადაყვანა კი ფიზიკურად ვერ მოხერხდება, რადგან მიხეილ სააკაშვილს აქვს წოლითი რეჟიმი. ეჭვი მეპარება მან რაიმე ფორმით მოახერხოს ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, - თქვა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.
სასამართლო პროცესი 3 საათზეა ჩანიშნული.