ბორჯომის ქახნის გაფიცული მუშები ცენტრალური გზის გადაკეტვას აპირებენ, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული
ბორჯომში პროტესტი მწვავდება - ქარხნის გაფიცული თანამშრომლები გზის გადაკეტვას აანონსებენ. პარალელურად ირკვევა, რომ პოლიცია პროტესტის მონაწილეებს აშინებს და დაკავებით ემუქრება, თუ ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.
გაფიცული მუშების ინფორმაციით, წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, პოლიციის წარმომადგენლებს პროტესტის მონაწილეები განყოფილებაში მიჰყავდათ და აშინებდნენ, რომ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვის შემთხვევაში სამართალდამცველები მათ დააკავებდნენ. პოლიციამ ბორჯომის თანამშრომლებს წარუდგინა კონკრეტული სიაც, ვის დაჭერასაც აპირებენ.
პოლიციელებმა გვითხრეს, რომ გზის გადაკეტვის შემთხვევაში იქნებოდა დაკავებები, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია დაკავებების. ჩვენ ჩვენი სიტყვა ვთქვით და ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად ყველაფერს გავაკეთებთ.
ხაზს ვუსვამ, ეს იყო დაშინების ფაქტი. მაგრამ სიმართლე ჩვენს მხარესა და არაფრის გვეშინია - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და პრემიერის აპარატის წარმომადგენლები გაფიცულებთან შეხვედრას გეგმავენ, თუმცა, პროტესტის მონაწილეების თქმით, თუ ხელისუფლებას კონკრეტული წინადადება არ ექნება, აქცია გაგრძელდება.