"ჩვენი მიზანი ევროპაა, დანებებას არ ვაპირებთ" - რუსთაველის გამზირზე აქციას სტუდენტებიც შეუერთდებიან
14 უნივერსიტეტის სტუდენტები ევროპული მომავლისთვის ერთიანდებიან. სტუდენტები ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე დღეს 8 საათზე შეიკრიბებიან და ხელისუფლებას პირდაპირ მოსთხოვენ, შეასრულოს ყველა პირობა, რომელიც დასავლეთმა წაუყენა.
სტუდენტები "პირველებთან" ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ და ნათელი მომავლითვის ბრძოლას მათ ხელთ არსებული ყველა ხერხით შეეცდებიან.
ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენი მიზანი არის ევროპა, ევროკავშირი, ნათელი მომავალი, მდგრადი ეკონომიკა, სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი მედია, თავისუფალი სასამართლო და ა. შ.
ჩვენ, ახალგაზრდებს და პირადად მე, ასეთ საქართველოში გვინდა ცხოვრება და მზად ვართ დავთმოთ თითოეული დღე, რაც არ უნდა მოგვიწიოს, იქნება ეს ქუჩაში საპროტესტო აქციები, თუ ბრძოლა წიგნითა და კალმით, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ დანებებას, - ამბობს სტუდენტი.
დღეს, ზუსტად 7 საათზე სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართებიან. ისინი კიდევ ერთხელ ეტყვიან ამ ქვეყნის ხელისუფალთ, რომ საქათველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.