შრომითი ურთიერთობები კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შეწყდა - ომბუდსმენის დასკვნა უსინათლოთა კავშირზე
"უსინათლოთა კავშირიდან" შესაძლო უკანონო გათავისუფლებისა და პირების შრომითი უფლების დარღვევის საკითხი - სახალხო დამცველმა დასკვნა მოამზადა
დასკვნაში, რომელიც გავრცელდა, ვკითხულობთ, რომ ლელა ვეფხვაძე და ის პირები, რომლებიც სამსახურიდან უკანონოდ იქნენ გათავისუფლებულები, დააბრუნონ და აუნაზღაურონ ხელფასი.
დასკვნაში ასევე წერია, რომ უსინათლოთა კავშირის გადაწყვეტილება უკანონოა და შრომითი ურთიერთობები კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შეწყდა.
2022 წლის 8 თებერვალს ა(ა)იპ კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის დირექტორმა 11 თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გაფრთხილების გამოყენების ბრძანებები გამოსცა. ბრძანებებს საფუძვლად დაედო შრომითი ხელშეკრულებით და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება და შრომის დისციპლინის დარღვევა. კერძოდ, არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა. 2022 წლის 14 თებერვალს დირექტორმა დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანებები გამოსცა, რომლის თანახმად, განმცხადებლები დაკავებული პოზიციებიდან 2022 წლის 1 თებერვლიდან (წინა თარიღით) გათავისუფლდნენ. დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძველს ამ შემთხვევაშიც არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა წარმოადგენდა.
ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა განმარტეს, რომ მიმდინარე წლის იანვარი/თებერვლის პერიოდში ცენტრის ყოფილი დირექტორის სიტყვიერი მითითების საფუძველზე, სამსახურში ცხადდებოდნენ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, პანდემიის გათვალისწინებით, რომ არ მომხდარიყო დახურულ სივრცეში რამდენიმე პირის თავშეყრა. ამასთან, საქმეში არსებული დოკუმენტით დასტურდება ერთ-ერთი თანამშრომლის დაინფიცირების შემთხვევა, რომლის სავარაუდო კონტაქტებს წარმოადგენდნენ განმცხადებლები. ახალ დირექტორს კი სამსახურში გამოცხადების წესის ცვლილების შესახებ მათთვის არ უცნობებია. აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლებთან კომუნიკაციის დამადასტურებელი მტკიცებულება არც ცენტრის ხელმძღვანელობას არ წარმოუდგენია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დისციპლინური სახდელის შეფარდებამდე მათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა არ მიეცათ", - წერია განცხადებაში.
ომბუდსმენის განცხადებით, აღნიშნული გარემოებები იძლევა საფუძველს მიიჩნიონ, რომ დამსაქმებლის ქმედებები იყო წინასწარ განზრახული და მიზანმიმართული.
სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გათავისუფლებულ თანამშრომელთა უმრავლესობა უსინათლო ან მცირემხედველია. ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნული პირების დასაქმების არეალი უკიდურესად მწირია. ამასთან, ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის წესდების თანახმად, კავშირის მნიშვნელოვან მიზანს უსინათლო მოქალაქეთა შრომით, სამართლებრივ და სოციალურ დაცვას წარმოადგენს, რაც უსინათლოთა დასაქმების ხელშეწყობაში უნდა გამოიხატებოდეს.
ზემოაღნიშნული გარემოებებისა და განმცხადებლებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ბრძანებების ფორსირებულ რეჟიმში გამოცემის საფუძველზე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ა(ა)იპ კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის მიერ გათავისუფლებულთა მიმართ განხორციელებული ქმედებები არ არის ლეგიტიმური", - წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველმა მოუწოდა უფლებამოსილ პირებს - უზრუნველყონ გათავისუფლებული პირების აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციებზე და მათთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
თითქმის ერთი თვეა უსინათლოთა კავშირიდან გათავისუფლებულები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და სამსახურში აღდგენას ითხოვენ. თუმცა ადამიანებისთვის, ვისათვისაც კავშირიდან მიღებული მიზერული ხელფასი გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა, ყურადღებას არავინ აქცევს.