საქართველოს არ ჰყავს სპეციალური ვერტმფრენი, რომელიც სამაშველო ოპერაციას ჩაატარებს- ექსპერტი
რა გახდა კატასტროფის მიზეზი და რას შეეწირა 8 ადამიანის სიცოცხლე? ამ დროისთვის მხოლოდ ვერსიები არსებობს: ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა, რთული კლიმატური პირობები, ან მფრინავის შეცდომა. მთავარ კითხვებს ახლა პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.
ფაქტი ერთია, ქვეყანას სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც უბედური შემთხვევების დროს სპეციალურ ოპერაციებს ჩაატარებს, არ ჰყავს. გუშინაც ასეთი ოპერაცია სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენმა განხორციელა.
ექსპერტები ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს არ ჰყავს სპეციალური სამაშველო ვერტმფრენი, ამიტომაც საგანგებო მდგომარეობის დროს უწევთ, სასაზღვრო ვერტმფრენი გამოიყენონ.
ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანია, ეს საკითხი დგას. რამდენჯერ უნდა მოხდეს ტრაგედია? აუცილებელია სამაშველო ვერტმფრენი, რომელსაც გააჩნია სპეციალური აღჭურვილობა, ასეა მთელ მსოფლიოში.
აღნიშნულ ვერტმფრენებს ისეთი მოდიფიკაციები აქვს, რომ რელიეფიდან გამომდინარე, მანევრირება შეუძლია და მეტი საშუალებები აქვს ადამიანის გადარჩენის. - ამბობს თბილისის სამაშველო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ გიორგაძე.