მკვლელობა მოტივის გარეშე - აღდგომის ღამეს 22 წლის სტუდენტი მოკლეს, ოჯახი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს
შემზარავი დანაშაული აღდგომის ღამეს - 22 წლის ლექსო ნიადაგიშვილის მშობლებს ერთადერთი კითხვა აქვთ, რისთვის გაიმეტეს სასიკვდილოდ ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც არც დანაშაული ჩაუდენია და მკვლელობის ადგილზეც სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა.
მკვლელობა, რომელსაც არც მოტივი და არც წინაპირობა ჰქონდა, ქარელის რაიონის სოფელ დირბში, ათობით თვითმხილველის თვალწინ 25 აპრილს მოხდა. 22 წლის სტუდენტი იმ დღეს სოფელში მშობლებთან ერთად აღდგომის დღესასწაულზე ჩავიდა, მალევე სოფლის ცენტრში მეგობრებთან შესახვედრად გავიდა, 10 წუთში კი გულში დანა ჩაარტყეს.
მკვლელობის მომენტი სოფელ დირბის ცენტრში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ვიდეო ფაილები გაშიფვრის შედეგად ჩანს, რომ ის სახლიდან საღამოს 19:43 საათზე გადის. ამ დროს სოფლის ცენტრში ხელჩართული ჩხუბია. ახალგაზრდების რამდენიმე ჯგუფი ერთმანეთს ქვებით, ხელკეტებით და სხვადსხვა ნივთებით ათობით თვითმხილველის თვალწინ უპირისპირდება.
ერთმანეთს ლექსოს მკვლელობაში ბრალდებული ადიკო არჩვაძე და მისი თანასოფლელი ლევან კოჭლოშვილი დაუპირისპირდნენ.
კამერების ჩანაწერებით დგინდება, რომ ახალგაზრდებს შორის დაწყებული ჩხუბი სოფლის ცენტრში მას შემდეგ გაგრძელდა რაც, არჩვაძე ავტომობილში დაჭრეს. სწორედ ამ დროს გაირა იქ შემთხვევით ლექსო ნიადაგიშვილმა.
კამერების მიხედვით, 22 წლის სტუდენტი, რომელიც ჩხუბს შემთხვევით შეესწრო, ბრალდებულის ძმას უახლოვდება და სავარაუდოდ, მის გაჩერებას ცდილობს, რასაც მკვლელობაში ბრალდებულის გაღიზიანება მოყვა, მას ლექსო კამერების თვალთახედვის არეალიდან გაჰყავს და სავარაუდოდ სასიკვდილო ჭრილობას აყენებს.
სტუდენტის მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ იმავე დღეს 22 წლის ადიკო არჩვაძე დააკავა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
მისი უფლებადამცველი კი ამტკიცებს რომ მკვლელობის პროვოცირება გარდაცვლილმა ლექსომ გამოწვია, რომელიც ბრალდებულის ძმას თავს დაესხა და დაჭრა.
მოკლულის ოჯახი ამტკიცებს, რომ გარდაცვლილს ცივი იარაღი არ ჰქონია. მას ხელში ყურსასმენები ეჭირა, რომელიც პოლიციამ მკვლელობის შემდეგ ადგილზე იპოვა.
დაკავებულის წინააღდეგ საქმეში 4 ჩვენება დევს. მოწმეთა სიაშია ლევან კოჭლოშვილიც, ადამიანი, რომლიც იმ დღეს სოფელში ჩხუბის ორგანიზატორი იყო და რომელმაც ადვოკატების განცხადებით მკვლელობაში ბრალდებული დაჭრა, თუმცა უფლებადამცველები ამბობენ, რომ თანამშრომლობის სანაცვლოდ პროკურატურამ მას ბრალი არ წარუდგინა.
კოჭლოშვილი ახლა მიმალვაშია, მან "შაბათის" ინფორმაციით, სახელი და გვარიც შეიცვალა.