უფასო სასადილოები კორუფციის ბუდეა, რომლითაც ,,ოცნებასთან" დაახლოებული პირები მდიდრდებიან - საბა ბუაძე
უფასო სასადილოები წარმოადგენს კორუფციის ბუდეს, რომლის წყალობითაც ,,ოცნებასა" და სუს-თან დაახლოებული პირები მდიდრდებიან - ამის შესახებ ,,ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, საკრებულოს დეპუტატმა, საბა ბუაძემ, განაცხადა.
მისი განმარტებით, უფასო სასადილოებში ბენეფიციარებს დაბალი ხარისხის პროდუქტებით ამარაგებენ.
უფასო სასადილოები არის ერთ-ერთი მსხვილი კორუფციული ბუდე, რომლითაც ,,ოცნებასთან" და სუს-თან დაკავშირებული ადამიანები მდიდრდებიან და ჩაფლულები არიან მასშტაბურ კორუფციაში.
ის რაციონი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არის სავალალო მდგომარეობა და კიდევ უფრო მძიმე ის ფაქტია, სოციალურ სასადილოებში, სადაც დაბალი ხარისხის საკვებით ხდება თბილისელების მომარაგება, მომლოდინეთა რიგებია მთელ რიგ გამგეობებში. - აცხადებს საბა ბუაძე.
თბილისის საკრებულოს დეპუტატი, პარტია ,,ნაცმოძრაობის" წევრი, ლილე ლიპარტელიანი კი აცხადებს, რომ უფასო სასადილოების მორჩენილი პროდუქტებით ზოგ პირს ღორების ფერმის მომარაგება აქვს მოწყობილი.
შეუძლებელია, ის საკვები ადამიანმა მიიღოს! რომელ კალორაჟზეა საუბარი, მუხუდოსა და უხორცო ბორშჩის აკეთებენ. ეს შეუძლებელია, ადამიანმა მიირთვას.
ამ საკვებით ზოგიერთ რაიონში ღორების ფერმა აქვთ მოწყობილი, როცა დარჩება ეს პროდუქტი, ის ცხოველებისთვის აქვთ განკუთვნილი, ცხოველებს აჭმევენ - აცხადებს ლილე ლიპარტელიანი.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, უფასო სასადილოს ყოველ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხა 1 ლარსა და 70 თეთრს შეადგენს.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ კალორიულობა დათვლილია სპეციალისტის მიერ.