"იარაღი პოლიციის უფროსმა ჩამიდო" - კახელი ბიზნესმენის საქმე თავდაყირა დგება

04.08.22 20:09
"იარაღი პოლიციის უფროსმა ჩამიდო" - კახელი ბიზნესმენის საქმე თავდაყირა დგება


"არ ვაღიარებ, რაც არ ჩამიდენია როგორ უნდა ვაღიარო?! გაფორმებული იარაღები მილაგია სახლში, ის არ გამომიტანია უკანონოდ არ გადამიადგილებია” - კახელმა ბიზნესმენმა ეს კომენტარი "რადიო თავისუფლებას" ციხიდან მისცა. ლევან ბიძინაშვილი უკვე 8 თვეა გისოსებს მიღმა იმყოფება და კიდევ 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ამბპბს, რომ ციხეში იმიტომ აღმოჩნდა, რომ საკუთარი მიწის ნაკვეთი არ დათმო.

38 წლის კაცი ამტკიცებს, რომ სიღნაღის პოლიციის უფროსი ლევან მაისურაძე მას თვეების განმავლობაში ემუქრებოდა. სუს-ის მიგზავნილი თანამშრომლის პირით ბიზნესმენს 70 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დათმობას სთხოვდნენ. როდესაც არ დათმო დაიჭირეს. 

კახელი ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ პოლიციამ იარაღი ჩაუდოო. სპეცოპერაცია  ლევან ბიძინაშვილის გასანეიტრალებლად  რვა თვის წინ წნორი-ტიბაანის გზაზე დაიგეგმა. არსებული ინფორმაციით, სახლისკენ მიმავალი ბიზნესმენი გააჩერეს, მასზე ფიზიკურად იძალადეს და თითის ანაბეჭდები  უკანონოდ მოიპოვეს.

70 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რომლის დათმობასაც ბიზნესმენს კახეთის პოლიციის შეფი სთხოვდა მისი ცოლის საკუთრებაშია. ბრალდებელი ბიზნესმენი ოჯახი ამტკიცებს, რომ მათ შვილს პოლიციამ ჩასაფრება მოუწყოო.ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს გამოძიებას აძლევენ სამართალდამცველებიც. საქმეში ბევრი უზუსტობაა, მთავარი  ოქმია, საიდანაც ვიგებთ, რომ ერთი და იგივე პოლიციელი ერთსა და იმავე დროს ორ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში პარალელურ რეჟიმში იყო ჩართული.

თუ ბრალდების ვერსიას გავყვებით, გამოდის რომ ბიზნესმენი რომელსაც უახლესი მოდელის სწრაფი ავტომობილი ყავდა პოლიციის მოთხოვნას   არ დაემორჩილა, არ გაჩერდა  და ვენახების მიმართულებით გაიქცა. პოლიცია ამტკიცებს, რომ პიკაპებით შეძლეს და გაქცეულ ბიზნესმენს ბოლომდე სდიეს. საქმეს ორი ოქროს მოწმე ყავს, ადგილობრივი ცოლ-ქმარი, რომელიც  საპირისპირო ვერსიის შესახებ ყვებიან.

საქმეში არ დევს ბიზნესმენის  დაკავების კადრები, არ არსებობს მტკიცებულებები. მხოლოდ  პოლიციელების სრულიად იდენტური  ჩვენებები.    სიღნაღის პოლიციის შეფი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.  ხვალ სიღნაღის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ  გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს, გაუშვეს ციხეში თუ თავისუფლებაზე კახელ ბიზნესმენს.

 

 

 

ნახეთ "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტური გამოძიება