,,სირცხვილიას" დამფუძნებელი, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დამნაშავედ ცნო და 2 ათასი ლარით დააჯარიმა "სირცხვილიას" დამფუძნებელი, გიორგი მჟავანაძე, რომელიც პოლიციას ძალადობაში თავად ადანაშაულებდა. სამოქალაქო აქტივისტს სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი.
მოსამართლე თვალსაც ვერ ასწორებდა, უბრალოდ ჩაიკითხა განაჩენი და გავარდა ოთახიდან. - გიორგი მჟავანაძე ამბობს, რომ სასამართლომ უკანონო განაჩენი გამოიტანა და მოსამართლე მჭედლიშვილი უბრალოდ ვიღაცის დავალებებს ასრულებდა.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს არ განუმარტავს, რა საფუძველზე დააჯარიმა გიორგი მჟავანაძე, თუმცა ,,სირცხვილის" დამფუძნებელმა განაცხადა, რომ საქმეში დევს ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა ჩვენებები, რომლებმაც მასზე იძალადეს.
,,სირცხვილიას" დამფუძნებელი აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და სასამართლო ამ გზით ცდილობს სამოქალაქო აქტივისტების გაჩერებას.
არ არსებობდა არავითარი მოტივი, რატომ უნდა მივიდე უბრალოდ პოლიციაში და ვაგინო, ვლანძღო. ეს სრული სიგიჟეა. არ არსებობს კამერების ჩანაწერები.
მოსამართლემ სარწმუნოდ ჩათვალა იმ მოძალადე პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც სასამართლოზე გამოცხადდნენ. ეს სრული სიგიჟეა, ეს არის დავალებით გადაწყვეტილი საქმე. მოსამართლე თვალსაც ვერ ასწორებდა, უბრალოდ ჩაიკითხა განაჩენი და გავარდა ოთახიდან.
წარმოუდგენელია, არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ ეს გადაწყვეტილება გამოეტანა. ყველა ლოგიკით უნდა გავმართლებულიყავი - განაცხადა გიორგი მჟავანაძემ.
გიორგი მჟავანაძე აპირებს, მოსამართლე მჭედლიშვილის მიერ მიღებული გადაწყევტილება ყველა ინსტანციაში გაასაჩივროს.
პოლიციის განყოფილებაში ძალადობის მსხვერპლი გიორგი მჟავანაძე თავად გახდა. ფაქტი 17 მაისს მოხდა, როდესაც გამოკითხვაზე დაბარებული სამოქალაქო აქტივისტი სამართალდამცველებმა ჯერ სცემეს, შემდეგ სექსუალური ძალადობით დაემუქრნენ და უკანონოდ დააკავეს.
სავარაუდო დამნაშავე პოლიციელები არავის დაუსჯია, ისინი ამ დრომდე თანამდებობაზე რჩებიან.