„ოცნება“ ევროპული სტრუქტურებიდან განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების ჩამოშორებას ცდილობს - მესამე სექტორი

05.08.22 17:32
„ოცნება“ ევროპული სტრუქტურებიდან განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების ჩამოშორებას ცდილობს - მესამე სექტორი

„ქართული ოცნება“ ევროპული სტრუქტურებიდან განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების ჩამოშორებას ცდილობს. ამჯერად მმართველი პარტიის სამიზნე მოსამართლე ნინო ბაქაქური გახდა, რომელიც 2024 წლამდე ,,ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს" წევრია.

მოულოდნელად  იუსტიციის სამინისტრომ ამ პოსტზე კონკური გამოაცხადა და  მოსამართლის  შემცვლელის ძებნა დაიწყო.

არასმთავრობო სექტორის წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ,  რომ ხელისუფლებამ  სისტემაში მისთვის არსასურველი მოსამართლეების წინააღმდეგ  სადამსჯელო ოპერაცია დაიწყო, ერთის მხრივ და მეორე -  მსგავსი გადაწყვეტილებებით ,,ოცნება" სასამართლო კლანის წევრთა გულის მოგებას ცდილობს.

თავად მოსამართლე ნინო ბაქაქური არ ყოფილა ინფორმირებული იმ საკითხზე, რომ ვაკანსია გამოცხადდებოდა, რაც კიდევ მეტ კითხვას და ეჭვს აჩენს. 

ამ დრომდე ვერავითარი განმარტება ვერ მოვისმინეთ იუსტიციის საბჭოსგან, ან უზენაესი სასამართლოსგან, რა ხდება.

საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აძლიერებს ეჭვებს, რომ მოსამართლე ბაქაქური, რომლის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით აქამდე არანაირი კითხვა არ ყოფილა, არც მის მიკერძოებასთან დაკავშირებით, სწორედ ასეთი დამოუკიდებელი მოსამართლეების მიმართ გრძელდება შევიწროება- აცხადებს გურამ იმნაძე, ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენელი.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის საბჭოში კლანის არსებობას უარყოფს და აცხადებს, რომ ამის მტკიცებულება არ არსებობს.

არანაირი გავლენიანი ჯგუფი სასამართლო სისტემაში არ არსებობს, ვერავინ ადასტურებს ამას. იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა, რომელიც არის სასამართლოში მთავარი მმართველი რგოლი. ყოველ ჯერზე ახალი მოსამართლეებით ხდება საბჭოს დაკომპლექტება. 

საუბარი იმაზე, რომ რაღაც ჩაკეტილი ჯგუფი არსებობს, რომელიც გავლენას ახდენს, არის არასწორი. - თქვა გიორგი მიქაუტაძემ.

თავად მოსამართლე ნინო ბაქაქური ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.