საქმე სუსის აგენტის საშუალებით გაიხსნა - ახალი დეტალები რადიაქტიული ნივთიერების საქმეში
,,პირველებისთვის" ცნობილი გახდა თივის ზვინებში ჩამალული რადიაქტიული ნივთიერებების მილიონ 200 ათას დოლარად გაყიდვის დეტალები. ირკვევა, რომ საქმე სუს-მა სავარაუდოდ, აგენტის საშუალებით გახსნა, რომელიც მევენახეს მიუგზავნეს.
სუსის აგენტმა, რუსთაველმა ოქტაი ბაირამოვმა, დანაშაულებრივი სქემის შესახებ ლილუაშვილის უწყებას განცხადებით 8 აგვისტოს მიმართა. მოწმე უსაფრთხოების სამსახურს ატყობინებს, რომ 3 პირი საშიშ, მომწამლავ ნივთიერებას ყიდდა.
ბადიაურელი მევენახე, სოფელ ლამბალოს სკოლის დირექტორი, თბილისელი მძღოლი და კასპელი ინჟინერი- სუსმა დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აკრძალულ ნივთიერებებს მილიონ ორასი ათას დოლარად ყიდდნენ.
მთავარი რეალიზატორი კასპელი პენსიონერი, ზურაბ გოდაძეა, რომელმაც მომწამლავი ნივთიერებები 2012 წელს ჯართში ნაყიდ სეიფებში აღმოაჩინა. ეგონა, რომ ოქროს საგანძური ჰქონდა, რომელსაც დიდ ფასად გაყიდდა. თუმცა საბოლოოდ, სახლში სუსის სპეცრაზმი დასაკავებლად მიადგა, რა დროსაც მას ინსულტი დაემართა.
,,ტვ პირველმა" გაარკვია, რომ საქმეში ახალი გარემოება გაჩნდა- ფიროსმანის აქამდე უცნობი ტილო. პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული, თამაზ გურგენიშვილი, აპირებდა, ნახატი შავ ბაზარზე გაეყიდა.
სოფელ ბადიაურში გაოგნებულები არიან, როდესაც დაკავებული მევენახის სასამართლო პროცესზე მოისმინეს, რომ თურმე თამაზ გურგენიშვილი ფიროსმანის მოპარული ტილოს გაყიდვას შავ ბაზარზე აპირებდა.
ოჯახი, რომელიც თვიდან თვემდე თავს ძლივს ირჩენს, ამბობს რომ გამოჩენილი ქართველი მხატვრის შესახებ მხოლოდ იციან და ცხოვრებაში ფიროსმანის ტილოებით თვალითაც კი არ უნახავთ.
ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ ფიროსმანის ტილოზე რადიაქტიული ნივთიერებების საქმეში ლაპარაკიც კი არ არის.
სპეციალურად ვკითხე ბრალდებულს, საიდან გაჩნდა ეს ტილო საქმეში-მეთქი. ისე მაინც არ გსმენია-მეთქი ? საერთოდ არ მსმენია, პირველად გავიგე პროცესზეო.
ეს ფაქტი მტკიცებულების სახით საქმეში არ დევს. უზარმაზარი სისქის საქმეა და იქ ასეთი რამ არ არის - აცხადებს ადვოკატი მაიზერ ჩანქსელიანი.
72 წლის ბრალდებული მევენახე აღიარებს, რომ გარკვეული სახის ნივთიერებას სათივეში ინახავდა და მის რეალიზებასაც ახდენდა, თუმცა მისი შემადაგენლობის შესახებ არაფერი იცოდა. თამაზ გურგენიშვილის შვილი ამტკიცებს, რომ ნივთიერება, რომელიც მამას ლამბალოს სკოლის დირექტორმა გადასცა, ოქროს საწმენდად გამოიყენება.
თამაზ გურგენიშვილისგან განსხვავებით, ბრალს არ აღიარებს სკოლის დირექტორი. მომხდარზე საუბარი არ სურთ დავით როსტომაშვილის ოჯახის წევრებსაც. ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ საქმეში ბევრი უზუსტობაა და ამის ნათელი მაგალითია ფიროსმანის ნახატის შესახებ გამოგონილი ახალი ბრალდება.
რადიაქტიული ნივთიერების რეალიზაციის ფაქტზე დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ, თუმცა გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ. არ არის გამორიცხული, დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს.