მკვლელობა ახალდაბაში - ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება
გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ სირენა მაჭარაშვილს პროკურატუამ ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო უწყება ავრცელებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
საქართველოს პროკურატურამ სოფელ ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, არაერთგზის ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების მუხლებით ზ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 19 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის ნასამართლევმა ზ.მ.-მ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.ნ.-ს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.