"შევეცდები, მკვდარი სხეულები დავხატო, რომლებიც დღეს მოვკალი" - გაუჩინარებული გოგონას წერილი

21.04.21 15:47
"შევეცდები, მკვდარი სხეულები დავხატო, რომლებიც დღეს მოვკალი" - გაუჩინარებული გოგონას წერილი

ტვ პირველმა ოზურგეთიდან გაუჩინარებული 17 წლის მარიამ ბურჭულაძის წერილი მოიპოვა, სადაც არასრულწლოვანი "მტრებზე" საუბრობს და მათ ინიციალებს წერს. წერილში ასევე აღწერილია სავარაუდო თვითმკვლელობის სცენა. 

"მაგრამ ვის შეუძლია, მოკლას ჩემს თავში არსებული ხმები, რომელიც ცოცხლად მჭამს" - წერია წერილში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის. 

გუშინ ღამით გველები არ დამსიზმრებია, ჩემს კლასელს შევხვდი დღეს, არაფერი მიგრძვნია. ისინი აღარ მტკენენ, ვფიქრობ, ისინი არ არიან ჩემი მტრები. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული. ჩემი მტრები:T, I,Z, შესაძლოა, “ტ” იყოს და ჩემი მასწავლებელი. ისინი უკვე მოკვდნენ. შესაძლოა, სხვა არავინ. მოვკლავ თითქმის 6 ადამიანს, არაუმეტეს 7-ს. შესაძლოა, წამლები მივიღო, ეს იმუშავებს, შევეცდები, მკვდარი სხეულები დავხატო, რომლებიც დღეს მოვკალი. შურისძიება ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია, მაგრამ ვინ ჩაკლავს იმ ხმებს, რომლებიც ჩემს თავშია და რომლებიც ცოცხლად მჭამენ - წერს გოგონა წერილში. 

"ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, მარიამ ბურჭულაძის ოჯახმა კიდევ ერთი წერილი იპოვა, სადაც გოგონა წერს, რომ "ყველაფერს დაასრულებს". 

გაუჩინარებულის დედა, იამზე ბურჭულაძე, ამბობს, რომ წერილი აივანზე, კატების სახლში, იპოვა. 

ოჯახი დარწმუნებულია, რომ წერილი მარიამის დაწერილია. 

დედა გვიყვება, რომ წერილები უკვე გამომძიებლებს აქვთ და მისი შესწავლა მიმდინარეობს. 

მარიამ ბურჭულაძეს პოლიცია 3 დღეა, ეძებს. გოგონას პოლიცია  და ახლობლები აჭარასა და გურიაში ეძებენ. მეთორმეტე კლასელი გოგო სკოლიდან სამი დღის წინ წავიდა და მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ბოლოს გოგონა სოფელ ლეღვაში ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. ის ფეხით მარტო მიდიოდა.

 

მსგავსი სიახლეები