დაპირისპირება წულუკიანთან და გელათის სკანდალი - ნიკოლოზ ანთიძემ თანამდებობა დატოვა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლოზ ანთიძეს პოსტის დატოვება კულტურის მინისტრთან დაპირისპირების გამო მოუწია. საქმე ეხება გელათის სარესტავრაციო სამუშაოებს და ამ საკითხზე მინისტრთან დაწყებულ დავას. თეა წულუკიანმა ანთიძის განცხადება უკვე დააკმაყოფილა.
,,გელათის დამცველები" აღნიშნავენ, რომ ანთიძის პოსტი გელათის რესტავრაციასთან დაკავშირებულ სკანდალს შეეწირა.
გელათი საუკეთესო საბაბი გახლდათ. გელათის რესტავრაციის სკანდალთან დაკავშირებით ანთიძე მარტო არ იყო, აქ დამნაშავეა ის ფირმა, ვინც სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა. გელათის კრიზისი დაუძლეველი აღმოჩნდა და იძულებულები იყვნენ, ანთიძე გაეთავისუფლებინათ. - აღნიშნავს ,,გელათის დამცველი" ნინო ბურჭულაძე.
,,გელათის დამცველები" აღნიშნავენ, რომ ტაძრის რესტავრაცია ისეთი ხარვეზებით ჩატარდა, რომ მარტო ანთიძის პოსტიდან მოხსნა საკმარისი არ არის და წესით, იმ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, ვინც მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაო ასე უხარისხოდ შეასრულა. ,,გელათის დამცველები" იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ანთიძის სავარძელი კულტურის მინისტრთან დაპირისპირებას შეეწირა და არაა გამორიცხული, წულუკიანს ამ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი ჰყავდეს.
თვითონ ნიკოლოზ ანთიძე ტვ პირველის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და არც ოფიციალური განცხადება გაუკეთებია, რა გახდა თანამდებობიდან მისი წამოსვლის მიზეზი.