საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის ლიდერების საქმის განხილვა 2 კვირით გადადო

22.04.21 13:44
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის ლიდერების საქმის განხილვა 2 კვირით გადადო

საკონსტიტუციო სასამართლომ ზურა -გირჩი ჯაფარიძის, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიას სარჩელის განხილვა გადადო, რის საფუძველიც თამარ კორძაიას მიმართვა გახდა. კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს ოჯახური პრობლემები გამო განხილვის ორი კვირით გადადება სთხოვა.  

ოპოზიციის ლიდერები  პარლამენტის იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ, რომლის  მიხედვითაც ჯაფარიძეს, კორძაიასა და ხოშტარიას სადეპუტატო მანდატები არ გაუუქმეს. 

საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის ლიდერების სარჩელი დღეს წარმოებაში მიიღო.  9 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიიდან 8-მ საქმის წარმოებაში მიღებაზე თანხმობა განაცხადა, წინააღმდეგი კი მხოლოდ ერთი მოსამართლე, ევა გოცირიძე,  იყო.

 საქართველოს კონსტიტუციის ის მუხლი, რომლის მიმართებაში არის მათი გასაჩივრების მოთხოვნა, არ მოიცავს ისეთ ატიპიურ შემთხვევებს, როგორიცაა ბოიკოტი, ამიტომ სასამართლოს ეს საქმე წარმოებაში არ უნდა მიეღო. კონსტიტუცია ისეთ საკთხებს არ არეგულირებს, როგორიცაა რევოლუცია, ბოიკოტი და ასე შემდეგ - განმარტა უარის თქმის საფუძველი ევა გოცირიძემ. 

,,გირჩი -მეტი თავისუფლება"-ს ლიდერი, ზურა ჯაფარიძე, იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რის მიხედვითაც მას უარი ეთქვა მანდატის გაუქმებაზე.

იმედი მაქვს, საღი აზრი გაიმარჯვებს და იტყვიან, ის დადგენილება, რაც პარლამენტმა გამოსცა ჩემი მანდატის გაუქმების თაობაზე, არაკონსტიტუციურია - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

სასამართლო პროცესი 2 კვირაში ზეპირი მოსმენითა და დისტანციურად გაიმართება.

მსგავსი სიახლეები