ისინი გამოირჩევიან ამბოხის სულისკვეთებით, ზღვარგადასული ქმედებით - საპატრიარქოს განცხადება

22.04.21 18:07
ისინი გამოირჩევიან ამბოხის სულისკვეთებით, ზღვარგადასული ქმედებით - საპატრიარქოს განცხადება

ეპარქიის ყოფილ მღვდელთმთავართან დაახლოებული პირები სინოდის გადაწყვეტილებას არ ემორჩილებიან და გამოირჩევიან ამბოხის სულისკვეთებით -  საპატრიარქოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქო აცხადებს, რომ ჭყონდიდის ახალი ეპისკოპოსი წმინდა სინოდმა სრული უფლებამოსილებით აღჭურვა, თუმცა მის გადაწყვეტილებას ე.წ. მეამბოხე მღვდლები არ ემორჩილებიან.

 ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ მღვდელმთავართან მსგავსი დაპირისპირება, რასაც უკანასკნელ პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში ჰქონდა ადგილი, უპრეცედენტოა და იმეორებს იმავე პათოსს, რაც ამ ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრისგან ეპარქიიდან გათავისუფლების შემდეგ მომდინარეობს. მასთან დაახლოებულ სასულიერო პირთა ნაწილი დღემდე არ ეგუება სინოდის გადაწყვეტილებას და ეპარქიაში ახალი მმართველის დადგენას, ისინი გამოირჩევიან ამბოხის სულისკვეთებით, ზღვარგადასული, გაუწონასწორებელი ქმედებებითა და, ზოგადად, მოქმედებენ საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევით.

ჭყონდიდის ეპარქიის ამჟამინდელი მმართველი - მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ აღჭურვილია ამ ეპარქიის მართვის სრული უფლებამოსილებით. შესაბამისად, მას მინიჭებული აქვს ძალმოსილება ეპარქიის საეკლესიო კანონიკის ფარგლებში მართვისა და გადაწყვეტილებების მიღებისა. 

 აქედან გამომდინარე, ეპარქიაში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შეფასებასაც ჭყონდიდელი მღვდელმთავარი თავად გააკეთებს - აცხადებს საპატრიარქოს პრესსამსახური.