გირაო თუ პატიმრობა - ჯარისკაცების წამების საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა

23.04.21 12:01
გირაო თუ პატიმრობა - ჯარისკაცების წამების საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა

ჯარისკაცების წამების ბრალდებით დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, დავით დევდარიანის, ადვოკატი, ამბობს, რომ მისი კლიენტისთვის წარდგენილი ბრალი უსაფუძლოა. 

თუ 2020 წლის მარტისა და მაისის ეპიზოდებზე ედავებიან, რატომ აძლევდნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს უწყებაში მუშაობის უფლებას... ბრალდების მხარე ითხოვს პატიმრობას, დავასაბუთებთ საწინააღმდეგოს. 2020 წლის მარტისა და მაისის ეპიზოდს ედავებიან, თუ გადაცდომები იყო, რატომ მუშაობდა ამ პოზიციაზე. სამხედრო პირის, სეხნიაშვილის, ჩვენების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. დავამტკიცებ, რომ დევდარიანი უდანაშაულოა. - აცხადებს ადვოკატი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ორი თანამშრომლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურა გიორგი ბიჩინაშვილისა და დიმიტრი დევდარიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

 დევდარიანის ადვოკატი შს მაღალჩინოსნის  5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

რაც შეეხება გიორგი ბიჩინაშვილის ადვოკატს, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

შსს-ს  თანამშრომლებს, დავით დევდარიანსა და გიორგი ბიჩინაშვილს, გამოძიება ჯარისკაცების მიმართ  არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას ედავება. საქმის მასალების მიხედვით,  აღნიშნული პირები წვევამდელებს აკრძალული მეთოდებით სჯიდნენ, მათ ყაზარმებსა და საპირფარეშოებს კბილის ჯაგრისით ახეხინებდნენ. ირკვევა, რომ ძალადობა ჯარისაკაცებზე სისტემატურად გრძელდებოდა. საქმეში ფიგურირებს ვიდეო კადრებიც, რომელიც ბრალდებულების ტელეფონიდან ამოიღეს.