სუსის ინფორმაციით, სოფელ კნოლევის მიმდებარედ ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს
სოფელ კნოლევის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს. ინფორმაციას სუსი ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძაძლებმა ადგილზე ლითონის ბოძები და მავთულხლართები დაამონტაჟეს. მომხდარის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს უკვე ეცნობათ.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს, რომლის ფარგლებში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს.
საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.
უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპციო ძალას, - ნათქვამია განცახდებაში.