რატომ წავიდა ამირან გამყრელიძე პოსტიდან და რა ბედი ელის ლუგარის ლაბორატორიას? - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის კომენტარი
რატომ დატოვა ,,დაავადებათა კონტროლის ცენტრის" ხელმძღვანელის პოსტი ამირან გამყრელიძემ? - რეალურ მიზეზებზე საუბარი გამყრელიძის ამჟამინდელ შემცვლელს, ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, თამარ გაბუნიას, არ სურს. თუმცა თავად ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ მიანიშნა, რომ ის პენსიაზე გასვლას ჯერ ნამდვილად არ აპირებდა.
გამყრელიძის წასვლის შემდეგ გაჩნდა კითხვის ნიშნები ლუგარის ლაბოატორიასთან დაკავშირებით, რომელზეც რუსეთს დიდი ხანია, თვალი უჭირავს. მთავარი ინტრიგა ახალი ხელმძღვანელობის პირობებში არის, რა ბედი ეწევა ლუგარის კვლევით ცენტრს, რომელსაც ამერიკელების დიდი მხარდაჭერა აქვს და გამოეყოფა თუ არა ის ,,დაავადებათა კონტროლის ცენტრს"?
რა პასუხი აქვს ამ კითვაზე ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ამჟამინდელ მმართველს?
თამარ გაბუნია არ განმარტავს, რატომ დატოვა პოსტი გამყრელიძემ, თუმცა აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება.
ლუგარის ლაბორატორია არის ,,დაავადებათა კონტროლის ცენტრის" ნაწილი და ცვლილებებთან დაკავშირებით საუბარი არ მიმდინარეობს. პროცესი სამუშაო როგორიც იყო, ისევ გრძელდება.
პოზიციები იცვლება, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ბატონი ამირან გამყრელიძე რჩება სისტემაში. ის აგრძელებს კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობას.ხოლო რაც შეეხება კითხვას, რატომ წავიდა ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან, ეს კითხვა მას უნდა დაუსვათ. ~
ის კურსი, რაც აღებული აქვს ქვეყანას, აუცილებლად შენარჩუნდება მომავალში - განაცხადა თამარ გაბუნიამ.