ვაჭრობა პირადი ცხოვრებით! - პოლიციის მაღალჩინოსანი ფულის სანაცვლოდ ადამიანების თვალთვალსა და უკანონო მოსმენებში ამხილეს
მცხეთის პოლიციის დეტექტივს თაღლითობაში, უკანონო მოსმენებში და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ - "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, საქმეს პროკურატურა იძიებს, სავარაუდო დამნაშავე პოლიციელს კი ვახტანგ გომელაური ისევ სისტემაში ტოვებს.
მეტი სიცხადისთვის, მცხეთის პოლიციის თანამშრომელს მძიმე ბრალდებას მოქალაქე თამუნა ნასუაშვილი უყენებს. ქალი "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი 2018 წელს გაიცნო. ნასუაშვილს ოჯახის წევრთან პრობლემები და უთანხმოება ჰქონდა, კბილცეხცლაშვილი კი, რომელიც ამ პერიოდში თიანეთის პოლიციის უფროსი იყო, ქალს დახმარებას დაპირდა.
თამუნა ნასუაშვილის მტკიცებით, პოლიციელმა მისი ოჯახის წევრი უკანონო მოსმენებზე დასვა. სამართალდამცავი თვეების განმავლობაში ადამიანების პირად კომუნიკაციას სისტემატიურად უსმენდა და აარქივებდა, სატალეფონო ზარების კრებსები კი მეგობარ ქალთან მიჰქონდა.
დაზარალებული ქალი "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანს თანამზრახველებიც ჰყავდა.
რესპოდენტის მონაყოლის თანახმად, პოლიციელის მიერ უკანონო მოსმენის საქმეზე გამოძიება გორის რაიონულმა პროკურატურამ დაიწყო, თუმცა გავლენიანმა პოლიციელმა უკანონო საუბრების ჩანაწერების განადგურება მოასწრო.
თამუნა ნასუაშვილი ამტკიცებს, რომ დაკითხვაზე დაბარებულ ქალს პოლიციელი შვილის მკვლელობით დაემუქრა, ამიტომ იძულებული გახდა, რომ საგამოძიებო უწყებისთვის ცრუ ჩვენება მიეცა.
ქალი ამტკიცებს, რომ ამის შემდეგ პოლიციელი მის საბანკო ბარათს დაეუფლა და 57 ათასი ლარი მიითვისა. ნასუაშვილი თანხის დაბრუნებას ახლა სასამართლოს მეშვეობით ცდილობს. საქმეში დევს აუდიო ჩანაწერიც, სადაც სავარაუდოდ, მამუკა კბილცეხცხლაშვილი თავად ადასტურებს, როგორ უსმენდა უკანონოდ მოქალაქეებს.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სტაჟიანი პოლიციელი კიდევ ერთი გახმაურებული საქმის ფიგურანტია. საქმე ძალადობის მსხვერპლ ქალს, მედეა პატაშურს და ისევ პოლიციელის მხრიდან უკანონო თვალთვალს ეხება.
ირკვევა, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა ძალადობის მსხვერპლი ქალის ქმარს მისი საზღვრის კვეთის მონაცემები და პირადი ფოტოები უკანონოდ გაუგზავნა.
საქმის მასალებში დევს პოლიციელის ტექსტური შეტყობინებებიც, რომლითაც ის დაზარალებულ ქალს გაჩუმებას თხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებოდა.
ვრცლად ნახეთ, მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალურ რეპორტაჟში