"ივანიშვილზე მორგებული გენგეგმა" - კორუფციის მკვლევარები ოლიგარქის წამოწყებაზე

02.10.22 13:29
"ივანიშვილზე მორგებული გენგეგმა" - კორუფციის მკვლევარები ოლიგარქის წამოწყებაზე

ივანიშვილის ახალ წამოწყებას, რომელიც კორპუსების მშენებლობას უკავშირდება, კორუფციის მკვლევარები უკანონოს უწოდებენ.  “შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე პირდაპირ ამბობს, რომ ოლიგარქი გენგეგმასაც საკუთარი თარგის მიხედვით ადგენს, ამაზე ხელისშემშლელი კი არავინაა.

ყველა იმას აკეთებს ქალაქში, რაც უნდა. თავისთავად ცხადია, ბიძინა ივანიშვილის გეგმებს, გეგმის არსებობის პირობებშიც კი ვერ ვერავინ შეუშლიდა ხელს. რა საჭირო იყო გენგეგმა, თუკი საჭიროების შემთხვევაში გავლენის მქონე პირები მას საკუთარი თარგის მიხედვით შეცვლიან. ცირკია. საბჭოთა კავშირში რომ იყო, არჩევნები რომ ტარდებოდა და ყველამ ორმ ვიცოდით რომელი პარტია გაიმარჯვებდა, დაახლოებით ასეთი ტიპის ცირკია. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს ამას, სასურველს. რა საჭიროა აი, ეს სხდომა, რომელიც შეიძლება განვიხილოთ თავისუფლად როგორც სანახაობა, იმიტომ, რომ ამას უმრავლესობის ფონზე ხელის შემშლელიც აღარავინ ეყოლება, - ამბობს “შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე. 

კორუფციის კიდევ ერთი მკვლელვარი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ გენგეგმაში ცვლილებები  არა ერთი ადამიანის ნებასურვილით, არამედ გააზრებულად უნდა შევიდეს. 

კალაძეს აღარვინ ეკითხება არაფერს, არც საკრებულოს აღარავინ ეკითხება. ეს ადამიანები უპირობოდ და უსიტყვოდ შეასრულებენ ივანიშვილის დავალებას. გენგეგმა უნდა არსებობდეს, ოღონდ გენგეგმაში ცვლილებები უნდა განხორციელდეს გააზრებულად და არა ერთი ადამიანის მოთხოვნის საფუძველზე, რომ მაგალითად, ივანიშვილს დასჭირდება, რომ აქ კორპუსი უნდა ააშენოს და შემდეგ გენგეგმა და ყველა ის საკანომდებლო აქტები მოაერგება ბიძინა ივანიშვილის სურვილს, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

"ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა კორპუსების მშენებლობის ბიზნესი წამოიწყო. "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ოლიგარქი მინი ქალაქს აშენებს.

მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 82 742 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე,  სადაც ახლა ოლიგარქის ქარხანაა,  ცათამბჯენები განთავსდება, 5 მოედნით, 1300 მანქანზე გათვლილი პარკინგით და 2500 კვადრატული მეტრი კომერციული ფართით. ივანიშვილს დაგეგმილი აქვს, მინიმუმ 2500 საცხოვრებელი ბინა ააშენოს.  

ირკვევა, რომ  ივანიშვილის "ელიტა ბურჯმა" ახალი მინი ქალაქის მშენებლობის პროექტი კომპანია "ჰაუს არტს" დაუკვეთა. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, დეველოპერული ბიზნესი  ივანიშვილმა საქველმოქმედო კომპანიის სახლით დაიწყო.​ ტერიტორია, სადაც კორპუსები უნდა აშენდეს "ელიტა ბურჯის" საკუთრებაა, მშენებლობის დამკვეთიც "ელიტა ბურჯია", ამ კომპანიის მფლობელი კი კი საქველმოქმედო ფონდი  "ქართუა". 

ოლიგარქის ახალ წამოწყებას თბილისის მერიამ მწვანე შუქი უკვე აუნთო. მშენებლობის დასაწყებად მხოლოდ ფორმალური პროცედურაა დარჩენილი - გენერალური გეგმის ცვლილებაზე თბილისის საკრებულობ ნებართვა უნდა გასცეს. აღნიშნული გეგმის მიხედვით თბილისის საკრებულომ სამრეწველო ზონას საცხოვრებელი ზონის სტატუსი უნდა მიანიჭოს.