ჯარისკაცების წამების საქმე - ბრალდებულები პატიმრობას ასაჩივრებენ

23.04.21 15:47
ჯარისკაცების წამების საქმე - ბრალდებულები პატიმრობას ასაჩივრებენ

ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ბრალდებულებს - გიორგი ბიჩინაშვილისა და დიმიტრი დევდარიანის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. 

ბრალდებულ დიმიტრი დევდარიანის ადვოკატი, დავით ჭიკაიძე კონკრეტული მოწმეების ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.

კონკრეტული მოწმეების ჩვენების სანდოობის საკითხი მნიშვნელოვანია და ეს საკითხი დადგება, მოწმისა და ამ საქმეში დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დევდარიანის პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო. სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პატიმრობა შეეფარდა, გავასაჩივრებ - აცხადებს ადვოკატი.

სამხედროების წამების საქმის პროკურორი, ალექსანდრე ჩხაიძე,  ტვ პირველთან აღნიშნავს, რომ ბრალდებულების საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეიწავლის.

სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე და მათ 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.  ამ 2 ბრალდებულის უშუალო ხელმძღვანელი იყო მ.ბ., მაგრამ ის გარდაცვლილია.  2 ბრალდებული, დევდარიანი და ბიჩინაშვილი, მოქმედებდა დამოუკიდებლად და იღებდა გადაწყვეტილებას. მათ დისციპლინარულ გადაცდომაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს შსს-ს გენინსპექციამ - აცხადებს პროკურორი.

სამხედროების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ შსს-ის 2 მაღალჩინოსანს დღეს სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.