ახალი მანქანები და ავეჯი სამინისტროებისთვის - ,,ოცნება" შესყიდვებს ამართლებს
ქვეყანაში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდაა - ასე ხსნიან ,,ქართულ ოცნებაში" სამინისტროებისთვის მილიონების ღირებულების ახალი მანქანებისა და ავეჯის შესყიდვის გადაწყვეტილებას.
მმართველ გუნდში ამართლებენ სამინისტროების განზრახვას, შეიძინოს დამატებითი მანქანები და ავეჯი.
ქირურგმა დაჟანგებული ლანცეტით ოპერაცია არ უნდა გააკეთოს. ხომ მეთანხმებით? ნებისმიერი შესყიდვა, თუ ის დაუსაბუთებელია, ამას ბიუჯეტის დამტკიცების დროს ჩვენ მოვითხოვთ, რა საკვირველია.
წარმომდგენმა უნდა დაასაბუთოს ფინანსების ხარჯვა. თუ ხარჯი იმ მოთხოვნილებას გასცდება, რომელიც მართლა საჭიროა, ის ჩემს მხარდაჭერას არ დაიმსახურებს - აცხადებს უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძე.
ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ირმა ზავრადაშვილი, მხარს უჭერს სამინისტროებისთვის ახალი შესყიდვების განხორცილებას, რადგან მიაჩნია, რომ ეს უწყებების გამართულად მუშაობისთვის აუცილებელი პირობაა.
თუ ორგანიზაციას თავისი სრულფასოვანი საქმიანობისთვის სჭირდება თუნდაც მაგიდა, სადაც თანამშრომელი უნდა იჯდეს და იმუშავოს, და ეს მაგიდა არ აქვს, უნდა ჰქონდეს! 10 თვე მუშაობდა თუ არა მაგიდის გარეშე, ვერ გეტყვით - ამბობს ირმა ზავრადაშვილი.
გაბრძანდით, ეს სოფლის კლუბი ხომ არ გგონიათ - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ელისო ბოლქვაძე, ,,ტვ პირველის" კითხვას, რატომ გახდა საჭირო სამინისტროებისთვის დამატებით ავეჯისა და ავტომობილების შეძენა.
5 მილიონამდე ლარი სამინისტროებისთვის ახალი ავტომობილებისა და ავეჯის შესაძენად. ამასთან, უწყებების მაღალჩინოსნების მოთხოვნით, ავეჯი თანამედროვე დიზაინის უნდა იყოს და მეტალის ელემენტებიც ჰქონდეს.