მობილიზაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - "ოცნება" დუმს
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოცხადებულ მობილიზაციას საქართველოს ხელისუფლება ისევ დუმილით ხვდება. უკრაინასთან ომში ვლადამიერ პუტინს ცოცხალი ძალა არ ჰყოფნის და რუსეთის შემდეგ ადამიანები ომში საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან მიჰყავს.
აფხაზეთში ახალგაზრდების სამხედრო ნაწილებში წაყვანის პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია. მზადება დაიწყო ცხინვალის რეგიონშიც. ერთობლივი გეგმის დასალაგებლად სოხუმში ცხინვალის რეჟიმის ე.წ. თავდაცვის მინიტრი ჩავიდა.
ოპოზიცია უშიშროების საბჭოს მოწვევის მნიშვნელობაზე საუბრობს. მათი თქმით, მთელი პასუხისმგებლობა ახლა პრემიერს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკისრება.
უშიშროების საბჭოს შეკრება უკვე ტრაგიკომიკურ ვიტარებაშ გადაიზარდა, იმიტომ, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც კანონში წერია, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებებზე, უნდა იკრიბებოდეს კანონით უსაფრთხოების საბჭო. დიდი მოლოდინი განცხადებების მე არ მაქვს, მაგრამ განხილვა უსაფრთხოების გარემოსი და შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება არის ცალსახად პრემიერის ვალდებულება კონსტიტუციით, - ამბობს „რეფორმების“ ჯგუფის წევრი თეონა აქუბარდია.
ხელისუფლება კი ისევ მხრებს იჩეჩავს და იმეორებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი კონტროლი ვერ ვრცელდება.
აფხაზეთში რა ხდება, მემგონი, საერთაშორისო სასამართლომ ძალიან კარგად თქვა და ეს არის უკვე საერთაშორიოს დონეზე პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რაც ხდება, ეკისრება რუსეთს და ეს არის ის მიღწევა, რაც საქართველოს აქვს. მემგონი ეს ახალი ამბავი არ არის, საქართელოს მთავრობას, სამწუხაროდ, კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიბზე ვერ ახერხებს, - ამბობს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმდჯომარე მაკა ბოჭორიშვილი.