მისცემენ თუ არა სააკაშვილის მკურნალ ექიმებს საქართველოში საქმიანობის უფლებას - რეგულირების სააგენტოს განცხადება
სამედიცინო რეგულირების სააგენტო საქართფველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმებისთვის საქართველოში საქმიანობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
უწყების ცნობით, "ემპათიას" მიმართვის საფუძველზე უცხო ქვეყნის სპეციალისტებს - ერიკ გოლდსმიტს, ონდერ ოზქალიფჩს და შახინ ემანუილ ლახანს, 6 თვის ვადით, მიენიჭათ საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება.
რაც შეეხებათ ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელს, სამედიცინო რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ სამუშაო აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იყო წარმოდგენილი, რის გამოც მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.
„სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცენტრმა ,,ემპათიამ“, 2022 წლის 6 ივნისს, მიმართა უცხო ქვეყნის სპეციალისტებისთვის - ერიკ გოლდსმიტის, ონდერ ოზქალიფჩის, შახინ ემანუილ ლახანის, ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელისათვის, საქართველოში, დროებით, 6 თვით, საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების თხოვნით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ პროფესიული განვითარების საბჭოს ფორმატში იმსჯელა. სხდომის გადაწყვეტილებით, ცენტრ "ემპათიას" მიერ მოწვეულ უცხო ქვეყნის სპეციალისტებს - ერიკ გოლდსმიტს სპეციალობაში "ფსიქიატრია", ონდერ ოზქალიფჩს, სპეციალობაში "სასამართლო მედიცინა" და შახინ ემანუილ ლახანს, სპეციალობაში "ნევროლოგია", 6 თვის ვადით, მიენიჭათ საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება.
რაც შეეხება ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელის დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების საკითხს, ვინაიდან მათი სამუშაო აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იყო წარმოდგენილი, პროფესიული განვითარების საბჭომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
2022 წლის 3 ოქტომბერს ცენტრ "ემპათიამ" ჯეიმს კობისა და სტიუარტ ი. ფინკელის საქმიანობასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტები წარადგინა. შესაბამისად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხი განხილული იქნება პროფესიული განვითარების საბჭოს პირველივე სხდომაზე.
დამატებით, საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო არ მსჯელობს პაციენტის ნახვის უფლების გაცემის საკითხზე. სააგენტო, პროფესიული განვითარების საბჭოს ფორმატში, საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების საკითხს განიხილავს”, - ნათქვამია რეგულირების სააგენტოს განცხადებაში.