ქისტი ბიზნესმენის რეკეტის საქმე - ხეობაში სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვთ

23.04.21 17:52
ქისტი ბიზნესმენის რეკეტის საქმე - ხეობაში სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვთ

პანკისის მცხოვრებლები ქისტი ბიზნესმენის, ჯაბრაილ ხანგოშვილის, საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. ხეობის უხუცესებს სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვთ. ისინი ამბობენ, რომ ხანგოშვილმა თელავის ბაზრის რეაბილიტაციაში  საკმაო ინვესტიცია ჩადო და ახლა მისი წართმევა უსამართლობა იქნება. 

ერთ-ერთი უხუცესი ჰყვება, რომ თავად შეესწრო ფაქტს, როდესაც თელავის გუბერნიიდან ხანგოშვილთან მივიდნენ  და ბაზრის ყიდვა სთხოვეს. მისი თქმით, ბიზნესის რეკეტი თელავის გუბერნიის ინტერესშია. 

არავითარი მოლოდინი არ მაქვს, რომ ის ამ პროცესს მოიგებს. 20 წელია, ის ბაზარი რაც ამ კაცმა იყიდა და ადრე რად არ უნდოდათ? თელაველები არ იყვნენ, ახლა ვინც გუბერნიაში სხედან? რატომ მაშინ არ დაინტერესდნენ მაგ ბაზრით? რატომ ჩააბარეს მაშინ ქისტს? აქეთ მოდიოდნენ, მომსწრე ვარ იმის, რომ ეხვეწებოდნენ, რომ ეყიდა. გუბერნიის ინტერესია, მთავრობის ინტერესია. ქისტები ემდურებიან ჯაბრაილს, ქართველებზე უფრო დიდი ამაგი გაქვს, ვიდრე ქისტებზეო, - ამბობს ერთ-ერთი უხუცესი.

კიდევ ერთი ადგილობრივი ხანგოშვილის დევნასა და ბიზნესის რეკეტს ეთნიკურ წარმომავლობას უკავშირებს. 

ამდენი ხანი თუ ჩამოსართმევი იყო, აქამდე სად იყვნენ? ძალიან არ მინდა, ეს ეთნიკურ ამბავს დავუკავშირო, მაგრამ ძალაუნებურად აზრი იქით იფანტება, რომ მართლა რახან ქისტები ვართ, მართლა არ უნდათ, ეტყობა, ქისტი რომ იყოს იქ უფროსად. ალბათ, ეს დეპორტაციაც ამასთან უნდა იყოს კავშირში, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.   

 ბრალდებას თელავის გუბერნიაში კატეგორიულად უარყოფენ.   

ქისტი ბიზნესმენი, ჯაბრაილ ხანგოშვილი, ხელისუფლებას რეკეტსა და დევნაში ადანაშაულებს. პანკისის ხეობის მკვიდრი ამტკიცებს, რომ მას თელავის ბაზარი უკანონოდ წაართვეს და სასამართლომ გადაწყვეტილება მაღალჩინოსნების მითითებით მიიღო. ხანგოშვილი ასევე ირწმუნება, რომ ხელისუფლება მას ქვეყნის დატოვებას აიძულებს.

მსგავსი სიახლეები